შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება


შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია.

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/4wR1Wy

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან