დრო, რომელიც კოვიდმა ბებია-ბაბუებს წაართვა

73 წლის როზა კაკულია ავსტრიაში მყოფ შვილიშვილს ქორწინების იუბილეს ფეისბუქით ულოცავს. აქამდე, ნინოც და მისი ძმა გიორგიც ყოველ ზაფხულს ახერხებდნენ ჩამოსვლას, თუმცა, თითქმის ორი წელია პანდემიამ მათი ოჯახის წევრებს ეს შესაძლებლობა წაართვა. როზა და მისი შვილი ხათუნა, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს შორიდან ეფერებიან. "გიორგი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ხან გვიან, როცა ბავშვებს უკვე სძინავთ. ყოველთვის ვერ მაჩვენებს. ვუთხარი, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს მათი ერთი ნახვაც კი. ნინო კიდევ სწავლობს, გვიანობამდე მეცადინეობს. პანდემია რომ არ იყოს, უფრო ხშირად ვნახავდი ბავშვებს. ძალიან განვიცდი რომ არ არიან, მძიმეა ჩემთვის, თან უკვე ასაკში ვარ", - გვიყვება როზა. ახლა სიშორით გამოწვეულ სევდასთან გამკლავებას შვილიშვილებთან დაკავშირებული მოგონებებით ცდილობს. გვეუბნება, რომ მისთვის გიორგისთან და ნინოსთან გატარებული წლები ყველაზე ძვირფასია. "სიცოცხლეები არიან ჩემი. ყველაფერი, რაც მაგონდება, დიდი სიხარულია. რომ სწავლობდნენ, გამოცდები რომ ჰქონდათ, როგორ განვიცდიდი. ნინო რომ აბარებდა, არ მოხვიდეო მეტყოდა, სახლში ვიჯექი და ვლოცულობდი, რომ დამირეკავდა, 5-იანი მივიღეო, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. დამეფანტნენ ბავშვები, ერთი წუთი ჩემს გარეშე თუ შეიძლება მათი ყოფნა არ წარმომედგინა, მე თუ არ ვიყავი მათთან რამე ემართებოდათ მეგონა. ახლაც კი მეფერებიან, კი. ბეე... მომწერს ხოლმე გიორგი, როგორ ხარ? მისი პატარებიც ისეთი კარგები არიან, კოცნებს მიგზავნიან, ქართული არ იციან და აქ რომ იყონ ვასწავლიდი", - ამბობს როზა. ხათუნა გვიყვება, რომ თუ ადრე დედამისთან სტუმრობა მის მეგობრებს უხაროდათ, მოგვიანებით, როზა ბებომ შვილიშვილების კლასელებიც შემოიკრიბა. "ბავშვებს დაბადების დღეები რომ ჰქონდათ, ყველა მეგობარს უნდოდა აქეთ მოსვლა, ელარჯს გვაჭმევსო როზა ბებო. ეს კიდევ ამბობდა ოღონდ აქ მოვიდნენ და რამდენსაც უნდათ, იმდენს გავაკეთებო. ბებიამ გაზარდა ორივე, ნინოც და გიორგიც, პატარა ასაკიდან. მეც კი არ მანდობდა. ნინოც რომ წავიდა, დეპრესია ჰქონდა. მერე ბავშვების მეგობრებმა გაუკეთეს ფეისბუკი და ეს დაეხმარა", - გვიყვება ხათუნა. "ისე მიყვარს ნინოს და გიორგის მეგობრები... მენატრება ის დრო სულ ჩემთან რომ იყვნენ. უყვარდათ ბავშვებს ჩემთან, მათი მშობლები მუშაობდნენ, ჩემთან გემრიელი საჭმელიც ხვდებოდათ და ერთობოდნენ კიდეც. კარგად მახსენდება ეს ძაან. მემეგობრებოდნენ, რაღაცებს მიყვებოდნენ. გიორგის გავუკეთე ერთხელ ცუდი რამ, შატალოზე მივდივართო, მითხრა... და გიორგი არის ძალიან გულთბილი და ეშმაკობის არაფერი არ აქვს. ბებია შატალოზე მივდივართო. დამრიგებელი კარგი გოგო ჰყავდათ, დავურეკე, მეთქი ასე ასე შატალოზე აპირებენ წასვლას, ხო და ბავშვები რომ მივიდნენ იმ ადგილას, მასწავლებელი არ დახვდათ? (იცინის) გიორგი გაკვირვებული მეუბნებოდა, საიდან გაიგოო ბებია, არ ვიციო. მოგიკვდეს ბებო... ასე ჩავუშალე შატალო. მერე კი ვუთხარი, რაც იყო..."- მაშინ კი იდარდა, თუმცა ახლა ღიმილით იხსენებს ამ ამბავს როზა. ხათუნაც და როზაც ფიქრობენ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ონლაინ კომუნიკაციით შეევსოთ შვილებთან და შვილიშვილებთან ცოცხალი ურთიერთობის დანაკლისი, დისტანციით გამოწვეული სტრესი მათზე მაინც მძიმედ მოქმედებს. "ბებია-ბაბუები აუცილებლად უნდა ხედავდნენ როგორ იზრდებიან შვილიშვილები. პანდემიამ ეს დრო წაგვართვა! მერე შიში... ნერვიულობა, როგორ არიან, რით არსებობენ, მეტი სადარდებელი გვაქვს. რთულია...ახლა ერთმანეთს ვამხნევებთ. პატარებს ეკრანზე ერთად ვუყურებთ", - გვეუბნება ხათუნა. საუბარში დედა ერთვება, - "უკვე სახსრები მაწუხებს, სახლში რომ დავჯექი, მთლად გამჭედა, ვერ ვარ რაღაც, დიაბეტიც დამემატა. ძალიან მოვტყდი, არაფრის თავი არ მაქვს, ვიღლები. გიორგის და ნინოს გაზრდაში არც კი ვიცი როგორ გავიდა წლები... მერე სულ ამათზე დარდი, ამათზე ფიქრი. ღამით ღმერთს ვეხვეწები, კარგად მიმყოფე. უფრო ხათუნა ესაუბრება, მე ვუსმენ. ბებო, გაციებული ხარ - ვეკითხები... საიდან მოიტანეო, მეუბნება ხათუნა. ვატყობ, რომ გაციებულია...ყოველთვის ვაკვირდებოდი, სულ ამათი ამბავი მიჭირდა..." წელს იმედი აქვთ, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ექნებათ ახლობლების ნახვის საშუალება. ამისთვის, როზა ბებო ვაქცინაციის რიგშიც ჩაეწერა. "რაღაც საშინელებაა ეს კოვიდი. გამოწვევა კი არა, ეს არის უბედურება, ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის. "ფაიზერს" დაველოდე, მაგრამ არ იქნა ჩემთვის, მაგრამ ახლა უკვე "ასტრაზენეკაზე" ჩავეწერე, იქნებ ბავშვები ჩამოვიდნენ. ორივეს უყვარს აქ ყოფნა, ადრე იმდენად არა და ახლა ძალიან ენატრებათ საქართველო. რომ შემეძლოს ჩემი სული გავუნაწილო, ორივეს გავუნაწილებდი. ჩემს ცხოვრებას მივცემდი, ვის რაში სჭირდება თორემ...რა შემიძლია მეტი. ქვეყანას მირჩევნია ისინი, ალბათ ყველა მშობელი ასეა. ვიწყებ, ხათუნა, გიორგი, ნინო... მერე ეს პატარები. რა მახარებს მეტი. სითბო... მეტი არაფერი მინდა არავისგან", - ამბობს როზა. როზა კაკულიას ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinati1059fm/

მსგავსი ვიდეოები