რაც ჩემმა თვალებმა ნახა,,, - ახალცხელები, რომლებიც ისრაელის რკინის გუმბათის ქვეშ ცხოვრობენ

ახალციხელი ლაშა ნიქაბაძე პალესტინელების მიერ, ისრაელის მიმართულებით ნასროლ რაკეტებს ბრონირებულ სადარბაზოში შეეფარა. გამთენიის 04:25 საათი იყო, როცა ისრაელის არაერთ ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, გამაფრთხილებელი სირენა ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ბუნკერში, უსაფრთხო ადგილზე თავის შესაფარებლად, საშუალოდ ერთი წუთი აქვთ. ლაშა ნიქაბაძე ხუთი წელია თელ-ავივში ცხოვრობს და მუშაობს. იხსენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ჰამასის მხრიდან ისეთი ინტენსიური თავდასხმა არ ყოფილა, როგორც ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდება. მეორე წელია ისრაელის ქალაქ ბათ-იამში დასთან ერთად ცხოვრობს ახალციხელი გელა აფრიამაშვილი. Tv9news.ge-ს უყვება, რომ ორდღიანი დაძაბული ღამის შემდეგ, დღეს დილიდან სიტუაცია უფრო მშვიდია. „ბათ-იამში უფრო სიწყნარეა. დღეს უკვე დასტაბილურდა სიტუაცია, ჩვეულებრივ ვმუშაობთ. უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა, სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, მოქალაქეები დაიცვას. არანაირი შეზღუდვა არ არის, არც ტრანსპორტზე ან გადაადგილებაზე. ერთადერთი, როცა განგაშის სიგნალი ირთვება, ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია თავშესაფარი მოვძებნოთ და თავი შევაფაროთ“. გელა აფრიამაშვილი თელ-ავივში მუშაობს. მისი სახლიდან სამსახურამდე შვიდი კილომეტრია. „ყველას ჰგონია მანდ, რომ ჩვენ ბუნკერებში ვართ და ვერ გამოვდივართ. ასე არ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესის ქვეშ გვიწევს ყოფნა. იმაზე წყნარი სიტუაციაა, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ძალიან ბევრმა არასწორმა ინფორმაციამ დიდი პანიკა გამოიწვია“. ლელა აფრიამაშვილს სამსახურში ვესაუბრეთ. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა არც ისეთი პანიკაა, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს. „რთული ვითარებაა მთელ ქვეყანაში, სტრესის ქვეშ ვართ, თუმცა ვცდილობთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვმუშაობთ ჩვეულებრივ, ერთმანეთთან გვაქვს კონტაქტი, ვუფრთხილდებით თავს და ერთმანეთს. სახელმწიფოს იმედი გვაქვს, რომ დაგვიცავს. ხალხი პანიკდება იმ კადრებით, რაც ჩანს. ჰგონიათ, რომ მთელ ისრაელში ეგეთი ამბებია“. გიორგი წიწუაშვილი საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში 1994 წელს დაბრუნდა. ის ქალაქ აშდოდში ცხოვრობს. გვიყვება, რომ წუხანდელი ღამე ბუნკერში გაატარა. ჰამასი აშდოდს მთელი ღამე ბომბავდა. „საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე 157 რაკეტა გამოისროლეს თელ-ავივისკენ. აშდოდში 55 რაკეტა ისროლეს, წუხელ ოთხჯერ ჩაირთო სირენა, მთელი ღამე თავშესაფარში ვიყავით. სირენიდან 30-45 წამი გვაქვს დრო, რომ თავი შევაფაროთ. ოთახში გამზადებული მაქვს წამლები, წყალი, რაც პირველადად მჭირდება. ჰერმეტულად იხურება კარები. ბოლოს დილით, 9-ის ნახევარზე ისროლეს, როცა სამსახურში მივდიოდი და ავტობუსში ვიჯექი. ამ დროს მძღოლი აჩერებს ავტობუსს, მომზადებულები ვართ, რომ ბალახზე უნდა დავწვეთ და თავზე ხელები დავიფაროთ. აშკელონში ძალიან ბევრი ქართველი მოსახლეობაა, ეს ქალაქი იბომბება ძალიან. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ხშირად ვხვდებით. ვუთანაგრძნობთ ერთმანეთს, არ ვტოვებთ გაჭირვებაში ერთმანეთს“. გიორგი წიწუაშვილი გვიყვება, რომ ჰამასი დაბომბვას შუადღით, შესვენების დროს და საღამოს იწყებს, როცა ქუჩებში მოქალაქეების მობილობა გაზრდილია. „ამას ბევრი მიზეზი აქვს, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური. ახლა ჩვენთან ახალი მთავრობა ყალბდება და არაბებს აქვთ თავიანთი პირობები. ჰამასი ორ ნაწილადაა გაყოფილი - არის პოლიტიკური და ტერორისტული ორგანიზაცია. პოლიტიკურს უნდა არჩევნები ჩატარდეს, ტერორისტულს ეს არ უნდა და შიდა დაძაბულობაც აქვთ. ანტისარაკეტო სისტემა გვაქვს, მაგრამ თითო გასროლაზე 20 რაკეტას ანადგურებს. ისინი გვესვრიან ერთჯერადად 30-40 რაკეტას. ამიტომ რომელსაც ჩვენი ანტისარაკეტო სისტემა ვერ იგერიებს, იმ რაკეტას მოჰყვება მსხვერპლი. აქამდე ასეთი მსხვერპლი არ გვქონდა, ახლა ახალი მეთოდი შეიმუშავეს და უზუსტესი რაკეტები აქვთ, პირდაპირ ხვდება შენობებს“. პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით, 1 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ოფიციალური ისრაელის ინფორმაციით, მათი უმეტესობა თელ-ავივისკენ იყო მიმართული, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორიდან გატყორცნილი რაკეტებიდან 850 ან დაეშვა ისრაელში, ან ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გადაიტაცა. 200 რაკეტა უკან ღაზაში დაეცა. ისრაელის მხრიდან ორშაბათს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში ქუჩები სავსეა ნანგრევებითა და დამწვარი მანქანებით. ღაზის ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, დაღუპულია 53 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი, 300-ზე მეტი დაჭრილია. ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. მათ შორის მწვავ საომარი მოქმედებები პერიოდულად იჩენს თავს. ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შეტაკებები 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მსგავსი ვიდეოები