კლინიკა უარყოფს, სამინისტრო კი ამბობს, რომ ექიმების გათავისუფლება ბაქრაძის საქმეს უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ ორი ექიმის გათავისუფლების გადაწყვეტილება, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროფესიულმა საბჭომ მიიღო. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, საქმეში ეთიკური პრაქტიკის სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია გაიცა. „გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც იქ დაფიქსირდა, გამოძიებამ ამის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ აცნობა. პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული და საქმის წარმოების მხარე დაირღვა ამ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს. რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა, ან გათავისუფლება, თუმცა, აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ“. ამ განცხადების მიუხედავად, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რეანიმატოლოგმა და ოჯახის ექიმმა შინაგანაწესი დაარღვიეს, რაც სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მედდის საქმეში ფიგურირებენ. კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ეს დამთხვევაა და თანამშრომლები 27 წლის მეგი ბაქრაძის მკურნალობისას შესაძლო გადაცდომის გამო არ გაუთავისუფლებიათ. მისი თქმით, ორივე ექიმმა რამდენჯერმე დაარღვია შინაგანაწესი, რის გამოც გათავისუფლებამდე გაფრთხილება და საყვედური მიიღეს. ამას უარყოფს რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ 30 ივნისს გათავისუფლების ბრძანება ჩააბარეს და მისთვის დამატებით არაფერი განუმარტავთ. კლინიკის ადმინისტრაციასთან კითხვები აქვს მეგი ბაქრაძის ოჯახსაც. 18 მარტს, როცა კლინიკის მედდა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს. ორივე ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი ვიდეოები