ნაგავსაყრელზე გადაყრილ ძეხვებსა და ტკბილეულს ჰყიდდნენ – დაკავებულია 4 პირი

12/29/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი.

საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან