ბლოკირებული სპიკერატი და ჩაშლილი სხდომა - ოპოზიციამ რუსი გავრილოვი პარლამენტიდან გააგდო

06/20/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 20.06.2019)
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე დღის ღონისძიება, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, ხმაურიანი პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და ერთადერთი მოთხოვნა დააყენა- დატოვოს პარლამენტი და ქვეყანა ოკუპანტი რუსეთის დეპუტატმა, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი მოირგო და სხდომას რუსულ ენაზე უძღვებოდა. ამ მოთხოვნით ასამბლეის სხდომაზე შესვენების დროს - ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სპიკერატი დაიკავეს და განაცხადეს, რომ რუს დეპუტატებს დარბაზში არ შეუშვებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლისა და სპიკერატის ბლოკირების გამო ოპოზიციონერ კოლეგებს პირველები პატრიოტთა ალიანსის წევრები დაუპირისპირდნენ. ადა მარშანია სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამის გათავისუფლებას და სხდომის გაგრძელებას ითხოვდა. რასაც ოპოზიციის მხრიდან შეძახილები არა მარტო სპიკერატიდან არამედ მედიისთვის განკუთვნილი ლოჟიდანაც მოჰყვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ბანერებიც გადმოფინეს წარწერით რუსეთი კლავს.

ამის შემდეგ სპიკერატი ოპოზიციამ სრულად დაიკავა, ევროპულ საქართველოს ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა. დარბაზის გარეთ კი პროტესტი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გააგრძელეს. ამ ყველაფერს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს დარბაზში მყოფი სესიის მონაწილე უცხოელი დელეგატები.


გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან