ConvertersBlog3: ხშირად დაშვებული შეცდომები საზოგადოებასთან ურთიერთობისას

10/27/2022
Converters-ის მიერ

\"კომუნიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, როგორც ჩაი ან ყავა, მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში\" [ჯონ როკფელერი]

ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური სტრატეგიის გარეშე მიზნების მიღწევა შეუძლებელია. პიარი ნამდვილად გვეხმარება დავამყაროთ პოზიტიური და გრძელვადიანი ურთიერთობები, მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისას შეცდომების დაშვება მარტივია, მისი გამოსწორება კი - რთული.

დღეს ვისაუბრებ იმ მთავარ ❎ შეცდომებზე, რომლებსაც, ჩემი გამოცდილებით, ქართულ ორგანიზაციებში უშვებენ. ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია, ამიტომ გამიხარდება თუ თქვენს მოსაზრებებს კომენტარების სახით დააფიქსირებთ.
❌ არასწორი მოლოდინები საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართ
პირველი და მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართ არასწორი მოლოდინების არსებობაა. რა მიზანს ემსახურება პიარი, რა განასხვავებს მას რეკლამისაგან? რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის დროის დათმობა? თუ ორგანიზაციაში საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები ამ შეკითხვებს სწორად ვერ პასუხობენ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი დამოკიდებულება პიარის მიმართ სათანადო ვერ იქნება.

❌ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის არარსებობა
ქართულ ორგანიზაციებში არ უყვართ სტრატეგიები და გეგმები, არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც სამიზნე აუდიტორიების, შესაბამისი გზავნილებისა თუ ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით. მივაღწევთ წარმატებას გეგმის გარეშე? - პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.

❌ არასწორი კვალიფიკაციის კადრები
საშუალო ზომის ქართულ ორგანიზაციებშიც კი შესაძლოა არ არსებობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დანაყოფი, ან არსებობდეს მხოლოდ ერთი შესაბამისი პოზიცია, რომელზეც, სამწუხაროდ, ხშირად არასწორი კვალიფიკაციისა და გამოცდილების კადრები ინიშნებიან. ეს პრობლემა კი, თავის მხრივ, პირველ პუნქტთან დაგვაბრუნებს - გამოიწვევს არასწორ მოლოდინებსა და დამოკიდებულებებს პიარის მიმართ.

❌ ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობა
ჩემი აზრით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები ნაკლებ ძალისხმევას უთმობენ მომზადების ეტაპს. ეს არის ეტაპი, რომლის დროსაც უნდა შეისწავლონ ორგანიზაციის ისტორია, მისია, ამოცანები, სტრუქტურა, შესაბამისი ბაზარი, უპირატესობები, ნაკლოვანებები, შესაძლებლობები, საფრთხეები, სამიზნე აუდიტორიები, არსებული გამოცდილება და ა.შ. სხვაგვარად საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური კამპანიის დაგეგმვა შეუძლებელი მგონია. ბიზნესის მფლობელებისა და ხელმძღვანელების ამოცანა კი ის არის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი წინასწარ იყოს ინფორმირებული ყველა ტიპის დეტალზე, რაც მომავალში, შესაძლოა, იმიჯის დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

❌ ახალი ამბის შექმნა არაფრისგან
ახალი შენობის გახსნა, ახალი კადრის აყვანა ან ძირითადი ოფისის მისამართის ცვლილება შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე იყოს კომპანიისთვის, მაგრამ ამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური კამპანია არ აშენდება. თუ არ არსებობს ამბავი, რომელსაც მოყვება, ესეც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შეცდომაა. სწორედ ამისთვის არსებობს წინასწარ შედგენილი გეგმაც - გვიკარნახოს რომელ აუდიტორიას რა თემაზე და რა სიხშირით ველაპარაკოთ.
მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ თითოეულ მედიას საკუთარი სარედაქციო სტილი და, რაც მთავარია, განსხვავებული სამიზნე აუდიტორია ჰყავს, ამიტომ ყველგან ერთსა და იმავე შინაარსის სტატიებისა და სიუჟეტების განთავსება შეცდომაა. ჟურნალისტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მასალა საკუთარი აუდიტორიის ინტერესებს მოარგონ.
❌ სპიკერების არარსებობა
მედიასთან ურთიერთობა არ არის მარტივი, კამერასთან მუშაობა მნიშვნელოვან გამოცდილებას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია პირდაპირ ეთერში საუბარი. ამიტომაც, ორგანიზაციას შესაბამისად მომზადებული სპიკერი სჭირდება.

❌ კრიზისის კომუნიკაციის გეგმის არარსებობა
კრიზისი არის მოცემულობა, როცა დრო ცოტაა და მყისიერი ქმედებებია საჭირო. ვინ საუბრობს ასეთ დროს მედიასთან? რაზე აკეთებს აქცენტებს? როგორ იყენებს გამოყოფილ დროს ეფექტურად? როგორ პასუხობს კრიტიკას? არსებობს შესაბამისი გეგმა ორგანიზაციაში? - ვშიშობ, პასუხი აქაც უარყოფითია, ამ საკითხის მნიშვნელობა კი განსაკუთრებით სოციალური მედიის პოპულარობის გათვალისწინებით, ძალიან დიდია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მომხმარებლის უარყოფით კომენტარზე ხშირად ისეთ პოზიციას აფიქსირებენ ორგანიზაციები, რომ წლების განმავლობაში, აგურ-აგურ აშენებულ რეპუტაციასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მთავარი შეცდომების ჩამონათვალი ჩემთვის აქ სრულდება. თქვენ რას დაამატებდით?
#ConvertersBlog

ვიდეოები „Converters"-ისგან