გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს


დღეს, ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, „112“-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრსა და პატრულ-ინსპექტორებს.

პროექტის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პროგრამის მნიშვნელობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საპოლიციო სერვისების განვითარებაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეფორმებს ვატარებთ როგორც პოლიციაში, საპატრულო პოლიციაში, ასევე, ქალაქში. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ს საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისი, რადგან თითოეულ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტიანები, სწრაფები და მათთან ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება.

მოგეხსენაბათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვატარებთ მრავალ რეფორმას და მინდა წინასწარ გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ იმ ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მოქალაქეებთან. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რომ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იყოს მართლწესრიგი უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და ეს პროექტი გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი, თბილისში და ქვეყანაში, მართლწესრიგის დამყარებაა. მადლობას გიხდით დღეს მობრძანებისთვის. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამა სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში. სიახლის მთავარი უპირატესობაა კომუნიკაციის დროის შემცირება და შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს დროში გაგზავნის შესაძლებლობა.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე ცდომილების ალბათობა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.

Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან