ბიზნესის მითიური თავისუფლება

ვინც კლანში არ არის, "ოცნების" მტერია ბიძინა ივანიშვილის განცხადება ბიზნესის თავისუფლებაზე ისეთივე მითი აღმოჩნდა, როგორც ოლიგარქის და ქართული ოცნების სხვა დაპირებები. ბიზნესი საქართველოში არა თუ თავისუფლად, საერთოდ ვეღარ სუნთქავს. და თუ სუნთქავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თავად ოლიგარქი ან მისი გარემოცვა აკონტროლებს. ვახტანგ გოძიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ივანიშვილის ბიზნესის "თავისუფალი სუნთქვა" საკუთარ თავზე იგრძნო. 2013 წელს მისმა კომპანიამ "ემ ენ ჯორჯიამ" "ჭიათურმანგანუმთან" ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. დაახლოებით ერთ წელიწადში კომპანიამ არალეგალური შემოსავლები თითქმის მოსპო და შავი ხვრელები ამოქოლა. ბიზნესმა კანონიერი და მაღალი შემოსავლების მოპოვება დაიწყო. ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო. სწორედ მისი მეშვეობით ალაგებდა ბიძინა ივანიშვილი საქმეებს ბიზნესთან. ამ შემთხვევაშიც საქმე გახარიამ "დაალაგა" და ვახტანგ გოძიაშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უნდა გაწეულიყო. ბიზნესის წართმევის შემდეგ, სქემა მარტივად მუშაობს: საქმიანობას აბარებენ ადამიანს, ვინც ივანიშვილისთვის მისაღებია. ასე მოხდა "ჭიათურმანგანუმის" შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც კომპანია "ემ ენ ჯორჯია" გააკოტრეს, იქ მართვაში გიორგი კაპანაძის, იგივე "რიჟას", კომპანია შევიდა. ეს ის "რიჟაა", ვისაც ქართული ოცნება სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ოქროს მოწმედ იყენებს. "რიჟას" ჩვენებების ძალა თავის თავზე გიგი უგულავამაც გამოსცადა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის თავისუფლად სუნთქვა ასევე თავის თავზე იგრძნეს პარტია "ლელოს" დამფუძნებლებმა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოლიგარქისთვის მიუღებელ ბიზნესმენებად ჩაითვალნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. ბიზნესმენები ბიზნესის გარეშე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ. დღეს ბადრი ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ მის უკვე ყოფილ კოლეგებს ეშინიათ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სწორედ ბიზნესთან ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის დამოკიდებულების გამოა, ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება: გარბიან ინვესტორები, ის ბიზნესები კი, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ მუშაობს, ოლიგარქის და მისი კლანის მიერ სრულად კონტროლდება. კორუფცია, რომელიც დამარცხებული იყო, დღეს ისევ ჰყვავის, შემოსავალი კი, რომელიც ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს, სწორედ ივანიშვილის და მისი გუნდის ჯიბეში ილექება.

მსგავსი ვიდეოები