Վարչապետների համատեղ ասուլիս / პრემიერ მინისტრების ბრიფინგი

05/30/2018
Armenian Community of Georgia-ის მიერ

http://armenian-community.ge/News/3014
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი: დიდი მადლობა, ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი! მასმედიის პატივცემულო წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნა, ვინაიდან, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, ვცდილობდით სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ვეწეოდით. მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად. ახლა იმ კონკრეტულ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი მრავალი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე.

ჩვენც აღვნიშნეთ ეს თარიღი და ნამდვილად, ეს დღესასწაულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სომხეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება თბილისში გამოაცხადა და ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან ღრმა. ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც შემდგომში უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს.

ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯების გადადგმაზე. საერთო ჯამში, შევთანხმდით, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებშია და რომელიც ყოველთვის იყო პოზიტიური, გადავიყვანოთ ახალ დინამიკაში, კონკრეტულ შედეგებში, მათ შორის -ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში.

რა თქმა უნდა, განვიხილეთ ურთიერთობებში გრძელვადიანი ხედვის საჭიროება. ჩვენ გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი საერთო ინტერესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არსებული თანამშრომლობა, გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად განვავითაროთ. ჩვენ საქართველოსთან მრავალი ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ვიმუშავებთ მათი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.

ასევე, ვიმუშავებთ ახალ პროექტებზე; აღსანიშნავია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია. ჩვენი დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი მზაობის დასაფიქსირებლად, ძმობისა და მეგობრობის ურთიერთობების განსახილველად და ვფიქრობ, ამ ატმოსფეროს შეუძლია, სერიოზული განვითარება მოუტანოს ჩვენს ურთიერთობებს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად ბატონი პრემიერ-მინისტრი ამავე აზრისაა. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ურთიერთობების განვითარების ისეთ ფაზაზე, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, დიდი სტიმული მივცეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, გავაღრმავოთ ისინი ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონის მდგრადობა. ჩვენ ბატონ პრემიერთან გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული მდგრადობის, სიმშვიდის, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, ვინაიდან რეგიონის მშვიდობა და მდგრადობა ჩვენი მომავალი განვითარების წინაპირობაა.

ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებით სომხეთში აპრილ-მაისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის მიმართ. ჩვენ გვახსოვს ქართველი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა.

აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ჩვენთვის უკვე ახლობელია. ბოლო 15-20 დღის განმავლობაში ჩვენ მათ ხშირად ვხედავდით და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ისევ შევხვდი. ვფიქრობ, ეს ინტერესი შენარჩუნებული იქნება არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას, არამედ საერთო ურთიერთობებში.

ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ და ჟურნალისტიკის სფეროში ჯერ ბევრი საკითხი გვაქვს გასარკვევი, რათა ინფორმირებული ვიყოთ ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ჩვენ გეოგრაფიულად ახლოს ვართ, მაგრამ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს პოლიტიკური პროცესების უფრო კარგად გაცნობის საჭიროება აქვთ. ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული პერსპექტივების გასახსნელად, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებში იქნება სერიოზული და ახალი განვითარებები და ისინი სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყნები, მოვალენი ვართ, ჩვენი საერო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ საკმარისი ნება და უნარი, შევძლოთ ეს ურთიერთობა გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური და ისეთი დონის, რომ სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებმა თავიან ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნონ ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და ისეთივე ატმოსფერო, როგორიც ჩემი და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას იყო.

ვიდეოები „Armenian Community of Georgia"-ისგან