ვაზისუბნის სანაგირე / Vazisubani Sanagire

08/12/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

ვაზისუბნის სანაგირე კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: სამი ეკლესია, გალავანი, მარანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსის მთავარი ტაძარი X საუკუნის, ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკაა, რომელზეც X-XI და XI-XII საუკუნეების მომცრო ეკლესიებია მიშენებული. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო მაღალი და განიერია. ნავები ერთმანეთისგან გამიჯნულია ბურჯების ერთი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი ორ-ორი თაღით. ძირითადი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება, რომლის წინ ღრმა ბემაა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო პასტოფორიუმია, პასტოფორიუმებსაც შვერილი აფსიდები აქვთ. სადიაკვნეს შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდან აქვს, სამკვეთლო კი საკურთხეველსაც უკავშირდება და ნავსაც. პასტოფორიუმების თავზე სათავსებია მოწყობილი. შუა ნავი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელიც ორ წყვილ პილასტრზე გადაყვენილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესია ათი სარკმლით ნათდება - სამი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, სამ-სამი - გრძივ კედლებში, ერთი კი - დასავლეთ კედელში. სარკმლები გვერდითა ნავებსაც ჰქონია, თუმცა, ერთი სარკმლის გარდა, ყველა მიშენებულმა ეკლესიებმა დაფარა. თითო სარკმელი პასტოფორიუმების აფსიდებშიც არის გაჭრილი. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, თუმცა მოხატულობისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეკლესიას დასავლეთით ორსართულიანი კარიბჭე აქვს. კარიბჭის ორფერდა სახურავი, ბაზილიკის გვერდითა ნავების გადახურვას ერწყმის. მთავარი ნავის გრძივი კედლების ფასადები თაღებითაა დეკორირებული. აფსიდის სამ სარკმელს თაღები აერთიანებს. აფსიდის შევრილის ზემოთ, აგურის წყობაში, სწორკუთხედში მოქცეული რელიეფური ჯვარია მოთავსებული. ფასადებს ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგებით შექმნილი მაღალი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, დეკორატიულ ელემენტებად გამოყენებულია შირიმი, ასევე შირიმითაა მოპირკეთებული ტაძრის ჩრდილოეთ კედელი. მთავარი ტაძრის განაპირა ნავები მოგვიანებით მიშენებულ ეკლესიებს კარით უკავშირდება.
მთავარ ტაძარს ჩრდილოეთიდან აგურით ნაშენი მცირე ეკლესია აქვს მიდგმული, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობის შუა ნაწილი შემაღლებულია და ორქანობა გადახურვა აქვს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაწილები კი ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარი ოთხი სარკმლით ნათდება - ერთი მცირე სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ერთი - დასავლეთ კედელში, ორი კი - ჩრდილოეთ კედელში. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან კანკელით არის გამოყოფილი. ეკლესია ჩრდილოეთიდან განიერი თაღით ყოფილა გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და პატარა თაღოვანი კარი დაუტოვებიათ.
მეორე დარბაზული ეკლესია მთავარ ტაძარს სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე ეკვრის. იგი XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება. შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი სწორკუთხაა და შეღრმავებულ თაღშია მოქცეული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. ინტერიერი ოთხი სარკმლით ნათდება, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთით კი - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ფასადები სადაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს პროფილირებული მოჩარჩოება აქვს. დასავლეთის სარკმლის ზემოთ ოთხი შეღრმავებაა, რომლებიც ჯვრის გამოსახულებას ქმნის, აღმოსავლეთის სარკმლის ორივე მხარეს კი თითო რელიეფური ფიგურაა განლაგებული. ფასადებს სადა, დახრილი სიბრტყითა და ლილვით შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები შირიმის თლილი ქვითაა მოპერანგებული. სანაგირეს სამნავიანი ბაზილიკის კომპლექსთან ახლოს სანაგირეს ტეტრაკონქი და სხვა ნაგებობათა ნაშთები მდებარეობს.
#Sanagire
#Church
#Monastery
#Vazisubani
#Gurjaani
#Georgia