წილკნის აკლდამის უცნობი მცველები

09/06/2020
პანოპტიკუმი-ის მიერ

სოფელი წილკანი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში. 1979 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით შეისწავლა IV-V სს-ის აკლდამა. აკლდამა გეგმით ოთკუთხაა, ჩადგმულია საგანგებოდ ამოჭრილ ქვაბულში და დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. შედგება დასაკრძალავი სენაკისა და დრომოსისაგან. ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და კირის ხსნარით; დრომოსსა და დასაკრძალავ სენაკს შემოვლებული აქვს რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები სამაგრი კედელი.
დასაკრძალავ სენაკში (3,45×3,25×2,88მ) შესასვლელში (დრომოსი)აღმოსავლეთიდანაა, 13 საფეხურიანი კიბე დერეფანში (სიგრძ. 2,2 მ) ჩადის. დერეფნის გავლით შეიძლება საკრძალავში შესვლა. საკრძალავ სენაკს თლილი ქვით (29 ჰორიზ. მწკრივი) ნაგები ნახევარწრიული თაღი აქვს, რომელიც კირხსნარის სქელი ფენითაა გადალესილი. საკრძალავი კამერის სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლების გასწვრივ ტახტრევანდებია. მათზე ბორდიურით გამოყოფილი ორ-ორი სამარხია გამართული. აკლდამაში ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით – გულაღმა გაშოტილი, თავით დასისაკენ. აკლდამა გაძარცულია.

აკლდამის კედლებზე შემორჩენილია ჯვრის გამოსახულებები, აგრეთვე წითელი და შავი საღებავით შესრულებული ოთხპწკარიანი ბერძნული წარწერა: „მე ტიკასმა და ბერმა, ჩემმა ამბა ფარანუსესმა გავაკეთეთ ეს აკლდამა თლილი ქვებისაგან ჩვენთვის. პაპრიუპასი (?) ისდიგერდესი (?) ასევე აქ განისვენებენ“.
ბერძ. წარწერა:

ἐγὼ Τικᾶς καὶ ἡσυ[χαστὴς]

[ἀββ]ᾶ μου Φαρανούσης ἐποιήσαμεν

[β]ωμὸν τοῦτον ἰσό[δ]ομ[ον]

[ἑαυτοῖς][Π]α[π]ριοῦπας Ἰσδ[ιγέρδης]

πρὸς δὲ καὶ ἐνθάδε κεῖνται

ქართ. თარგმანი:

„მე ტიკასმა და ბერმა, ჩემმა ამბა ფარანუსესმა გავაკეთეთ ეს აკლდამა თლილი ქვებისაგან ჩვენთვის. პაპრიუპასი (?) ისდიგერდესი (?) ასევე აქ განისვენებენ“.



ძეგლის დღევანდელი მდგომარეობა:

უნდა აღინიშნოს, რომ ძეგლის მდგომარეობა არასახარბიელოა. უპატრონოდ არის მიტოვებული, არსებული წარწერები დღითიდღე იშლება და ნადგურდება. ასევე მძიმე მდგომარეობაშია დაკრძალული პირების განსასვენებლები, რომლებიც ნელ-ნელა ინგრევა.
აკლდამის კოორდინატები:
https://www.google.com/maps/place/%E1...

ვიდეოები „პანოპტიკუმი"-ისგან