დასუფთავების აქცია / Clean-up activity - Krtsanisi District

05/09/2019

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა მასშტაბურ დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა!

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა.

ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მონაკვეთი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია, თაბორის მთა, კრწანისის სკვერი და კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი. ამასთანავე, დასუფთავდა ლეღვთახევის ტერიტორია.

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელთა ჯგუფი.

აქციას კრწანისის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“, N218, N153, N127, N70, N65, N144, N72 და N75 საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი სკოლების ეზოები დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმაც მიიღეს.

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

კამპანიის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

#ჩვენვზრუნავთჩვენუბანზე
#გაუფრთხილდითქალაქს

კრწანისი რაიონის გამგეობა - 08.05.2019