"პანდემიამ ადამიანები ეზოებს დაუბრუნა" - ზუგდიდელი მებაღე და ერთი ყვავილით დაწყებული ბიზნესი

04/19/2021
Radio Atinati-ის მიერ

ზიზილა, იაჟუჟუნა, პეტუნია, ნასტურცია, გულყვითელა, გეორგინა, ფლოქსი, გაზანია, სალვია, ცინია, ცოცხანა, კოხია, ტეგეტესი და კიდევ უამრავი სხვადასხვა ფერისა და სახეობის ყვავილი - ზუგდიდელი ლევან ბერულავას ეზოსა და სათბურში 30 000-მდე ნერგია. სააღდგომოდ მებაღესა და მის ოჯახს გაორმაგებული შრომა უწევთ, რადგან სამეგრელოში ამ დღესასწაულისთვის ეზოს გალამაზება განსაკუთრებით უყვართ.

\"ჩვენი ქალაქის თვისებიდან გამომდინარე და მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოში ეზოები ძალიან გვიყვარს, სააღდგომოდ ყველა ცდილობს მოაწესრიგოს თავისი ეზო, გარემო, შეხვდეს ლამაზად. მეტწილად ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩვენი მომხმარებელი, იმედი გვაქვს წელსაც გვექნება შეკვეთები\", - გვეუბნება ლევანი.
პროფესიით აგრონომმა ეს საქმე, დაახლოებით 5 წლის წინ, ერთი ყვავილით დაიწყო. მოგვიანებით, შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო და ერთ-ერთი პროგრამით მცირე დაფინანსებაც მოიპოვა, რაც სათბურის მოწყობაში დაეხმარა.

\"ცოტა კურიოზულად დაიწყო ყველაფერი, ახლობელმა მაჩუქა ერთ-ერთი სახეობის თესლი. რომ დავთესე, რაც ჩემთვის მქონდა განსაზღვრული, იმაზე მეტი რაოდენობა მომრჩა, მოვსინჯე და გავიტანე მცირე რაოდენობით ბაზარზე, ძირითადად, ჩაბარების სახით და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან მალე დავამთავრეთ მარაგი და იმის მერეც ძალიან ბევრი ხალხი გვირეკავდა. ასე გავაგრძელეთ ამ ერთი სახეობით, შემდეგ დავამატეთ სხვები და შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებთ ჩვენს ფერმერულ საქმიანობას\", - გვიყვება მებაღე.

მცენარეების მოვლა შრომატევადი პროცესია, რომელიც ყველა ეტაპზე დიდ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ამ საქმის გარეშე საკუთარი თავი ვეღარ წარმოუდგენია.

\"დროული მორწყვა, წამლობა უნდა მავნებლებზე და სოკოვანებზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალიან გავიზარდეთ ჩვენც ამასობაში. ხშირად ვმონაწილეობთ ტრენინგებში, რაც ასევე ძალიან გვეხმარება\", - ამბობს ლევანი.

პანდემიის პირობებში ყვავილების გარდა ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანაც დაიწყო. სალათის ფოთოლსა და სანაყოფე ბოსტნეულზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა აღმოჩნდა. ლევანი მიიჩნევს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანები საკუთარ ეზოებში მეტ დროს ატარებდნენ, რამაც მისი ბიზნესის საჭირობა და მისი ცნობადობაც გააორმაგა.

\"როგორც კი ეპიდსიტუაცია გართულდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს ბიზნესს ეს ძალიან დაარტყამდა. პარალელურად შევეცადეთ ყვავილებთან ერთად დაზღვევისთვის ბოსტნეული კულტურებიც მოგვეყვანა, რადგან კვების პროდუქტები სულ არის მოთხოვნადი. საბედნიეროდ, ეს ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, შეიძლება პირიქითაც მოხდა. პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანები ძირითადად სახლებში ჩაიკეტნენ, გადაწყვიტეს თავიანთი ეზოებისთვის მიეხედათ. დრო გამოუთავისუფლდათ, რასაც სამსახურში ატარებდნენ. აქედან გამომდინარე ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა, ვერ ვიტყოდი, რომ მოიკლო ჩვენმა გაყიდვებმა. პირიქით, მოიმატა კიდევაც ნაწილობრივ და ჩვენს ქალაქში საკმაოდ ცნობადიც გახდა ჩვენი ბიზნესი\", - გვიხსნის ლევანი.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ცდილობს საკუთარი პროდუქცია დაბალ ფასებში გაყიდოს, რაც მოვლა-მოყვანის საშუალებების გაზრდილი ღირებულების პირობებში საკმაოდ რთულია. ოცნებობს დამატებითი სათბურების მოწყობასა და ყვავილებთან ერთად მრავალწლოვანი მცენარეების მოყვანაზე.

\"ეს უკვე წმინდა მოქალაქეობრივი ვალიდან გამომდინარე, გლობალურ დათბობასთან მიმართებაში გვინდა რომ ბევრი ხე დაირგოს. ძალიან დიდი პრობლემა აქვს კავკასიურ ბზას და კავკასიურ სოჭს. მოგეხსენებათ, წითელ წიგნში არის ეს მცენარეები. ასევე, ვერცხლისფერი ნაძვი და სხვადასხვა დეკორატიული მრავალწლიანი მცენარეები მინდა მოვიყვანო და დიდი სურვილი მაქვს ამ მიმართულებითაც განვვითარდე\".

ლევან ბერულავა გეგმავს, წელს მეტი დრო დაუთმოს სოციალურ ქსელებში საკუთარი მცენარეების პოპულარიზაციას. სურს, რომ მისთვის გამორჩეულად საყვარელმა პეტუნიებმა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ეზო დაამშვენოს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან