სტუ - ს ფაბლაბი - "ფიროსმანი" - ელექტრონული სურათი / Fablab GTU - PIROSMANI - Electronic Image

04.05.2021 05:41

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი თავის ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც „ელექტრონული სურათი“ უწოდა, უნივერსიტეტის სტუდენტებსაც სთავაზობს. მათ შეუძლიათ ეს ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენონ სტუდენტურ პროექტებში.

ვაჟა შანიძე - სტუ ფაბლაბის წევრი: როდესაც ფაბლაბში ელექტრონული სურათის შექმნის იდეა გაჩნდა, გადავწყვიტე ეს პროექტი ფიროსმანის ნამუშევრებზე მომერგო. 5 მაისი ფიროსმანის დაბადების დღეა. შევარჩიე ხუთი ნახატი, მათ შორის: „მეთევზე“ და „აქტრისა მარგარიტა“. საბოლოო ჯამში, ფაბლაბის სივრცეში შეიქმნა ნიკო ფიროსმანის კუთხე და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ფიროსმანის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილმა ამ პროექტმაც საპატიო ადგილი დაიკავა.

ნიკა სამხარაძე - სტუ ფაბლაბის წევრი: "ელექტრონული სურათი" ჩვენს ფაბლაბში შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას კრეატიულად და ორიგინალურად გამოვსახოთ ნებისმიერი ნახატი ან ფოტოსურათი. ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია განათება და ფერთა გამა, რომელიც ჩვენი ფაბლაბის გუნდმა დახვეწა და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ფერის მიღების საშუალება გვაქვს. ჩვენი პირველი ელექტრონული სურათი იყო ძველი თბილისის ქუჩა. ამ ნამუშევარმა დაგვანახა ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ ტექნოლოგიას გააჩნია. ამ მიმართულებით, ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტია ფიროსმანის ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების შექმნა - შევძელით ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

ზაზა გაბესკირია - სტუ ფაბლაბის წევრი: ელექტრული სურათის ტექნოლოგია არ არის რთული, შედეგი კი მოლოდინს აჭარბებს. ნამუშევრის ზედა და ქვედა ნაწილებზე, ერთმანეთის პარალელურად თავსდება ე.წ. შუქდიოდური ზონარები (ლენტები), რომლებიც სხვადასხვა ფრად ანათებს. ყველაზე საინტერესო ეფექტი მიიღება სურათის შუა ნაწილში, სადაც განსხვავებული ფერების შერწყმა ხდება. ფერების შერჩევა შესაძლებელია სტუ-ის ფაბლაბში აწყობილი ელექტრული სქემის საშუალებით. იმის გამო, რომ ჩვენ ფერთა გამის შერჩევა ელექტრონულად ხდება, ამ ტექნოლოგიას "ელექტრული სურათი" ვუწოდეთ.

გაზიარება:
SkillHub