გელა ზედელაშვილი: გეყოფათ, ქალბატონო ნინო, გეყოფათ!!!


ქალბატონო ნინო!!!

ვინაიდან და რადგანაც, ბოლო დღეებში ძალიან გადააჭარბეთ და ბევრ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებთ, ანუ დაუკრეფავში გადადიხართ, იძულებული ვარ, შეგახსენოთ არცთუ შორეული წარსული და არა მხოლოდ წარსული.
მაშ ასე, დავიწყოთ:
თქვენ ის ქალი ბრძანდებით, რომელმაც მონაწილეობა მიიღეთ (როგორც თანამდებობის პირმა) 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასა და თქვენივე რეჟიმის \"გაპრავებაში\"!
ამონარიდი თქვენი გამოსვლიდან დარბევის შემდეგ:
\"ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო შედგა. კარგად და ყურადღებით ნახეთ, მოისმინეთ ის კადრები, რომელიც იყო... დღეს ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი\".
ააა... ქალბატონო ნინო, ამის გახსენაბაზე ნეტავ თუ შეგრცხვათ, ნეტავ თუ გაწითლდით? არა მგონია, თქვენ ისეთი ურცხვი ყოფილხართ, ქართული საზოგადოება ვერც კი წარმოიდგენდა. ესე იგი, თქვენ დროს, ანუ სააკაშვილის ზეობის პერიოდში კანონს უნდა ეკანონა, ახლა კი სულერთია? დიახ, გეთანხმებით, ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს, მაგრამ თქვენ აზრზე ხართ, მაშინ რა \"გააპრავეთ\"? \"იმედში\" შევარდნა, მაღაზიის სახურავზე გვამების შემოდება, ათასობით ადამიანის დასახიჩრება და რუსთაველზე სისხლის გუბეების დაყენება!
სხვათა შორის, იმ გამოსვლაში, სადაც \"კოლეგები\" ტაშს გიკრავდნენ, ახსენებთ რუსეთის ბოლო მეფეს, ნიკოლოზ მეორეს - იმას რომ სისუსტე არ გამოეჩინა, ის რომ ჩვენსავით მკაცრი ყოფილიყო, რუსეთს ის არ დაემართებოდა, რაც დაემართაო. ღმერთო ჩემო, ქალბატონო ნინო, ნიკოლოზ მეორეს რომ სიმკაცრე გამოეჩინა, მამათქვენს ხომ შევარდნაძე ვერც რაიკომის მდივნად დანიშნავდა და შესაბამისად, თქვენ ხომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გახდებოდით? აი, როგორც ჩანს, თქვენ იმთავითვე არ გეხერხებათ ადეკვატური მსჯელობა. თუ კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ნიკოლოზ მეორის სახელზე ყოველ დილით სანთელი გაქვთ დასანთები.
წარსულიდან ერთსაც გაგახსენებთ და შემდეგ დაგელაპარაკებით დღევანდელობაზეც: რა მოხდა 2011 წლის 26 მაისის ღამეს, რატომ გაჰქუსლეთ \"ჩერეზ\" ორღობეები შავი ჯიპით და რატომ შეატოვეთ რუსთაველზე თქვენი მომხრეები სისხლისმსმელებს? რა იყო, რა გარიგება იყო თქვენსა და სააკაშვილს შორის, შემდეგ კი რაზე შეთანხმდით, რა ამბები მიჰქონდა და მოჰქონდა შუამავალ გუბაზ სანიკიძეს? ვიცი, ამ თემაზე საუბარი არ გსიამოვნებთ და ვინც ამ თემაზე შეკითხვას გისვამთ, ყველა მტრად მიგაჩნიათ, მაგრამ ალბათ დადგება დრო, როცა სიმართლე მაინც გამჟღავნდება.
ახლა კი თქვენს დღევანდელ ღრმააზროვან გამონათქვამს გადავხედოთ:
\"ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, თურმე რა კარგად დაუშლიათ აქცია. კი ბატონო, ძალიან პროფესიულად დაშალეს და ამით ვიყოთ ბედნიერი და იმით, რომ თვალი არ დაგვთხარეს?! დალაპარაკებით რომ დაგვლაპარაკებოდით თქვენ და თქვენი მონები?! ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა ხალხი, საერთოდ არ იქნებოდა რუსთაველზე აქციები\".
დიახ, ქალბატონო ნინო, ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ აღარ გვხოდავენ და მერე ჩვენს გვამებს მაღაზიების სახურავებზე არ დებენ... რომ აღარ გვარბევენ, ჩვენს სისხლს აღარ სვამენ, პატიმრებს ცოცხებით აღარ აუპატიურებენ და ასე შემდეგ. ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ უფრთხილდებიან პოლიციელები და სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს? ნუთუ ვერ ხედავთ, რა დიდი სხვაობაა თქვენს ფაშისტურ რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის? მე მგონი, ხედავთ, მაგრამ ძალით იბრმავებთ თვალებს და იცით, რატომ? ძალიან გინდათ პარლამენტში შესვლა, პარტიის დაფინანსება, ფრაქციის შექმნა, კეკლუცობა, თითების ქნევა და ასე შემდეგ. ჰოდა, ეს ნულოვანი ბარიერი ზედგამოჭრილი იყო თქვენთვის. უკაცრავად, ქალბატონო ნინო, ქართველ ხალხს ექსპერიმენტებისთვის და თქვენი კეთილდღეობისთვის არ სცალია, ისედაც კეთილდღეობაში ხართ, ღმერთმა კარგად გამყოფოთ.
კიდევ ბევრის შეხსენება შემიძლია, მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია.
ქალბატონო ნინო, წადით სახლში, ცომი მოზილეთ და ხაჭაპური გამოაცხეთ, ფქვილი არ გაქვთ საყიდელი და საფუარი. სააკაშვილთან ხელახალი პოლიტიკური კურკური არაფერს მოგცემთ, პირიქით, ცოტაოდენი რეიტინგი რომ გქონდათ გარკვეულ წრეებში, ისიც გაგინულდებათ, თუ უკვე არ გაგინულდათ!

პატივისცემით, გელა ზედელაშვილი

ვებ-გვერდი: http://LID.GE

ვიდეოები „ინტერნეტგამოცემა ლიდერი"-ისგან