მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია / Church Of The Archangels Of Mchadijvari

01/17/2023
Lasha Mtvaradze-ის მიერ

მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში მდებარე სოფელ მჭადიჯვრის ცენტრში. მისი სიმაღლეა 23 მ.
ეკლესიაზე არის სამშენებლო წარწერა. წარწერის მიხედვით, ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს.
ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს ლეკებმა სოფელი მჭადიჯვარი ააოხრეს, თუმცა ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა აღადგინა სოფელი და ააშენა მჭადიჯვრის ეკლესიის გარშემო ციხე-გალავანიც: „რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად“.
ეკლესია გუმბათოვანია (20.4X17X23 მ სიმაღლე იატაკიდან გუმბათის წვერომდე 23 მ), ნაშენია აგურით. ყველა საბჯენი თაღი, იმპოსტი, შესასვლელების ტიმპანები, სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. ნაკერი აგურებს შორის პირამდე დუღაბითაა ამოვსებული, რის გამოც კედლებს გლუვი ზედაპირი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ ბემაა.
საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვანეა (ორივე აფსიდიანია, თითო სარკმლით). ორივე სათავსი თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველსაც და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებსაც (ამჟამად მკლავებში გასასვლელები ამოქოლილია). სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე კამარით გადახურული, უაფსიდო და უსარკმლო თითო ოთახია, რომლებსაც შესაბამისი მკლავის მხარეს (დასავლეთით) თლილი ქვით გამოყვანილი თითო ორმაგი თაღი აქვს - თაღებს შორის სვეტით. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ, თავისუფლად მდგომ, რვაწახნაგა ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მშვეობით ხდება. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - ათი, მ. შ. სამ-სამი დიდი სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებშია. დასავლეთის მკლავის ღერძზე ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთში, დაბლა თითო პატარა სარკმელი. აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე, სამი ერთნაირი ისრულთაღიანი ნიშია.
ფასადები ძირითადად ყრუ თაღებითაა მორთული. აღმოსავლეთის ფასადის თაღებიდან სამი განიერი თაღი (შუა ძალიან მაღალი, განაპირები უფრო დაბალი) ძირითადად სიბრტყეებს შემოსაზღვრავს, ხოლო ორი, შედარებით ვიწრო - აფსიდის სარკმლის გვერდებზე არსებულ სამკუთხა ნიშებს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები ერთმანეთის მსგავსია, თითეულ მათგანზე ექვსი ერთნაირი სიმაღლის თაღია, სამხრეთით, კარის ტიმპანზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში, ერთ დონეზე, განლაგებულია ხუთი უწყვეტი თაღი. შუა თაღის ზევით, სადა სიბრტყეზე, სარკმელია. შუა თაღის არეში, კარის ტიმპანზე, ასომთავრული მხედრული სამშენებლო წარწერაა.
თორმეტწახნაგა გუმბათი მაღალი და განიერია, შემკულია ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღედით. თაღების არე ჰორიზონტალური ლილვებითაა გამოყოფილი წახნაგების ქვედა არისაგან, რომელშიც სარკმლებია გაჭრილი. ფასადები დაგვირგვინებულია აგურის ლავგარდნით, რომლის პროფილს ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის სამი საფეხური შეადგენს. გუმბათის ლავგარდანი ქვისაა - საფეხუროვანი.
ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის კეხზე დგას XIX საუკუნის სამრეკლო - ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და ნახევარსფერული თუნუქის სახურავით დასრულებული ფანჩატური. ადრე ეკლესია გადახურული ყოფილა მოჭიქული (მომწვანო ლურჯი) კრამიტით. ამჟამად სახურავი თუნუქისაა.
#Mchadijvari
#Archangels
#Church
#Patriarchate
#Dusheti
#MtskhetaMtianeti
#Georgia