სკოლის ისტორია

04/20/2013
Ramin Gogokhia-ის მიერ

11 წლიანი პაუზის შემდეგ ასოციაცია „მუსეიონთან\" არსებულმა ხელოვნების საქველმოქმედო საკვირაო სკოლამ მუშაობა განაახლა. მუსეიონის ინიციატივით, საკვირაო სკოლის და წყოუშის საბაზო სკოლის დირექციის (დირექტორი ბ-ნი ვახტანგ გოგოხია) მიერ ხორციელდება პროექტი, რომლის პირობითი სახელწოდებაა „ხელოვნება არა მხოლოდ ხელოვნებისათვის\"
წყოუშის საბაზო სკოლა შერჩეულ იქნა იმიტომ, რომ სოფელი აფხაზეთს ესაზღვრება. სკოლა ძირითადად დაკომპლექტებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებით და იმ მოზარდებით, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა, რაც ცნობილ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ყოველივე ამის გამო, ეს ბავშვები უდაოდ არიან ყურადღების ღირსნი.
პირველ მეცადინეობაზე საუბარი იყო ხელოვნებაზე, როგორც ადამიანური ყოფიერების ერთ-ერთ უმაღლეს ფორმაზე. დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა სენ-სანსის „მომაკვდავი გედი\" ნინო ანანიაშვილის შესრულებით, მოსმენილ იქნა ფრაგმენტი კარლ ორფის კანტატიდან „კარმინა ბურანა\", აბელის მონოლოგი კინოფილმიდან „მონანიება\" ავთანდილ მახარაძის შესრულებით. საუბარი იყო, აგრეთვე და ვინჩის „მადონა ლიტაზე\", „ჯოკონდაზე\" და რაფაელის „სიქსტინის მადონაზე\".
მეცადინეობის დასასრულს მოზარდებს განემარტათ კინოხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის, კერძოდ ვესტერნის რაობა.1991-1992 წლების შემდეგ პირველად სოფელ წყოუშის ისტორიაში (თუ წალენჯიხის ისტორიაში არა) დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა ჯონ სტარჯესის „შესანიშნავი შვიდეული\".
პირველი მეცადინეობის სპონსორი იყო, გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ბ-ნი ავთანდილ კინწურაშვილი, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდით! (12:34)