გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლოკაშვილის ვიდეო კონფერენცია გაიმართა


სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება - გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.

UNWTO-ის გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ვიდეოკონფერენციისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების მომსახურების კუთხით. აღინიშნა, რომ ეს არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ტურისტულ მწვანე ზონებად“ სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო სხვა სახელმწიფოებთან. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ პროცესში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტურიზმის სფერო, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, არის ის კონკურენტული უპირატესობაც, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია, იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს მას ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

#StopCoV #COVID19