ველოტრანსპორტის შესახებ

06/01/2019
Salukvadze-ის მიერ

ველოტრანსპორტის შესახებ. ტექსტიც წაიკითხეთ და ვიდეოც ნახეთ.

ჩემი მორიგი \"ჩიქორთული\", ანუ ჩინურ-ქართული წერილი, თბილისის დაწყებულ ველოსიპედიზაციას, უფრო სწორად, ამ პროცესის ჩინურ გამოცდილებას ეხება.

ამ პოსტს ნაჩქარევად ვდებ ჭავჭავაძის გამზირის, მანამდე კი პეკინი-კოსტავა-ბულაჩაურის ქუჩების ველო ბილიკებით მოწყობის გამო.

ვგეგმავდი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ვრცელ ბლოგში დამეწერა, მაგრამ, დაპირებების მიეხედავად, დროის უქონლობის გამო, ვერ დავასრულე. როგორმე მივიყვან ბოლომდე.

დავუბრუნდეთ ველოსიპედებს.

უამრავ მეგობართან მისაუბრია ამ თემაზე და თქვენც გაგიზიარებთ მოსაზრებებს.

ველოტრეკების მოწყობა რა თქმა უნდა კარგია. ბევრი ქვეყანა, სადაც ველო და მოტო ტრანსპორტი განვითარებულია, ამას ვერ ახერხებს.

ჩვენთან სხვა პრობლემაა, - ველოტრეკების მოწყობა მრავალი წლით გაუსწრებს ველოტრანსპორტის განვითარებას. პეკინზე დღეში 5 ველოსიპედი დადის, ბულაჩაურზე კი 5 დღეში ერთი.

შედეგად გვაქვს შევიწროებული ავტოსავალი ნაწილი და შემცირებული სადგომები.

იმისათვის, რათა ხალხი გადავსვათ ველოსიპედებზე ან ელექტრო მოტოციკლებზე (ელექტრო ველოსოპედებიც გამოუშვა მობაიკმა), ველოტრეკებზე მეტად სხვა ამოცანების გადაჭრაა საჭირო.

ეს არ ნიშნავს, რომ ველოტრეკებს ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, თუ ეს ორი პრიცესი, ველოტრეკების მოწყობა და ველოტრანსპორტის ზრდა დროში ასცდა ერთმანეთს, უკუშედეგს მივიღებთ.

დავიწყოთ იმით, რომ გლდანიდან ისანში ან ვაკეში სამსახურში ველოსიპედით არავინ წამოვა, მინიმუმ, ერთი მარტივი მიზეზით, - მგზავრობა დიდ დროს წაიღებს. სამსახურში კი ისეთი გაქაფული მიხვალთ...

მოკლედ, რაზეც უამრავჯერ მისაუბრია ჩემს ახლობლებთან, ვიხილე ჩინეთში. ესაა ხელმისაწვდომი ველო ტრანსპორტი და მოწყობილი ინფრასტრუქტურა.

ჩინეთის ყველა, დიდ თუ პატარა ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხილავთ გასაქირავებელ ველოსიპედებს.

ეს ერთ-ერთი მზარდი ბიზნესია. ჩინეთში ყველაზე გავრცელებული ორი კომპანიაა, Mobike და Ofo.

Ofo-მ 10 მილიონ ველოსიპედზე მეტი შემოიტანა ბაზარზე. მობაიკმა კიდევ უფრო მეტი. ახალ ბიზნესს ველოშერინგი ჰქვია, - ველოსიპედების ერთობლივი გამოყენება.

არსი შემდეგში მდგომარეობს. დიდ თუ პატარა ქალაქებში, ლამის ყოველ ნაბიჯზე, მოწყობილია ველოსადგომები, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები უზრუნველყოფენ.

მიდიხართ, მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ან კოდით, მოხსნით ბლოკს (საკეტს) და შეგიძლიათ ველოსიპედი წაიღოთ განისაზღვრელი ვადით. გამოყენების შემდეგ, შეგიძლიათ დატოვოთ სადაც თქვენ მოგეხერხებათ. კომპანია უზრუნველყოფს ველოსიპედების დაბრუნებას სადგომებზე, მათ გასუფთავებას და მომსახჟრებას.

ყურადღება: ტარიფი, სხვადასხვა ქალაქებში და კომპანიებში, 0,5-1 იუანი/სთ, ანუ 20-40 თეთრი საათში.

თუ ჩვენი მერია გადაწყვეტს ჩინური კომპანიის შემოყვანას, გირჩევთ კომპანია Mobike-ს, რადგან უფრო წარმატებული კომპანიაა, უკეთესი ველოსიპედები აქვთ. გამოუშვეს ასევე ელექტრო ველოსიპედები GPS-ით, მზის ელემენტებით და ა.შ.

ვინმემ არ იფიქროს, რომ ველო ტრანსპორტის განვითარებამ შეამცირა ავტომანქანების რაოდენობა.

იმავე ჩინეთში, რამდენიმე წლის წინ 200 მლნ მანქანა იყო. ახლა ავტო და მოტო ტრანსპორტის რიცხვი დიდი ხანია გადასცდა 300 მილიონს და შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა.

ვიდეოში რამდენიმე მომენტს მიაქციეთ ყურადღება:

1. დასაწყისში, ჩვენი მინიავტობუსის წინ ველისიპედისტი მისეირნობს და მას არავინ უსიგნალებს გზის დათმობის მიზნით;

2. სამ დიდ ქალაქში ვიყავი: პეკინი, სიანი და შანხაი. არსად მინახავს სტაციონარულად მოწყობილი ველო ბილიკები. ველო/მოტო ტრანსპორტი ან ავტოტრანსპორტთან ერთად, შერეულად დადის, ან დროებით შექმნილ, დაბალი ჯებირებით გამოყოფილ ზოლებში, ან ტროტუარებზე.

დროებითი ზოლები ძალიან მოხერხებულია და იაფიც ჯდება. აკვირდებიან რომელ ქუჩებზეა მეტი ველოტრანსპორტი და იქ აწყობენ ასეთ ზოლებს რკინის დაბალი კონსტრუქციებით.

3. ველოშერინგის განვითარებამ გამოიწვოა ველოსასაფლაოების წარმოქმნა. ნახეთ ვიდეოს ბოლოს რამდენიმე ფოტო. ეს პრობლემა თავის სამტვრევად ექცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

მოკლედ, ნუ ვიჩქარებთ ველო ბილიკების მოწყობას, რადგან თუ ადამიანები ვერ გადავსვით ველოტრანსპორტზე, შედეგად მივიღებთ შევიწროვებულ ქუჩებს ცარიელი ველობილიკებით, ანუ უარეს საცობებს.

სადაც უკვე გაკეთდა ან კეთდება ბილიკები, ამ ადგილებამდე მისასვლელად შესაძლოა დროებითი ჯებირებით მოხდეს ველობილიკების გამოყოფა.

მოსახლეობის ველოტრანსპორტზე გადასმას კი სჭირდება:

1. ველოტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ზომიერი სატარიფო პოლიტიკით

2. სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებებით. ეს ფანტაზიის საკითხია. მაგალითად.

ა) ხელისუფლებას შეუძლია სავაჭრო ცენტრებთან მოილაპარაკოს. ვინც ველოსიპედით მივა სავაჭრო ცენტრში, სადგომზე აიღებს სპეციალურ ტალონს, მიიღებს 5% ფასდაკლებას.

ბ) სახელმწიფო სტრუქტურებში, კომპანიებში, მერიაში, გამგეობებში ფული იხარჯება ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, პლუს ყოველთვიურად საწვავის ტალონებს აძლევთ. სახელმწიფო ავტომობილის ნაცვლად, აჩუქეთ ველოსიპედები, ხოლო საწვავის თანხა დაუსვით სპეციალურ ბარათებზე, რომლებსაც საქონლის, სურსათის სახით გაანაღდებენ სავაჭრო ცენტრებში და ა.შ. იდეები ამოუწურავია.

3. საკუთარი ველოტრანსპორტისთვის საცხოვრებელ ადგილებთან, სავაჭრო ცენტრებთან, მეტროებთან, ყველგან სპეციალური სადგომების მოწყობა და სათვალთვალო კამერებით აღჭურვა.

ადამიანს უნდა შეეძლოს გარეუბნიდან მეტროთი ან ავტობუსით მივიდეს სასურველ რაიონში, იქედან კი გადაჯდეს ველოსიპედზე (ან მიკროავტობუსზე) და გადაადგილდეს მოკლე მარშრუტზე

https://bit.ly/2QAF2rw

ვიდეოები „Salukvadze"-ისგან