Batumi Gold - ახალი Range Rover-ის განსხვავებული ფერი

ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. ამჯერად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 ოქტომბერს იაგუარ ლენდ როვერმა, რენჯ როვერის ახალი მოდელი წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის ყველაზე სასურველი მოდელი ახლა უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტურია.რამდენიმე სხვადასხვა ფერს შორის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს დიზაინერებმა Batumi Gold უწოდეს. ფერებზე მუშაობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, შემქმნელების ინსპირაცია საქართველოს ზღვისპირა ქალაქი, ბათუმიც გახდა. სწორედ ბათუმის შთამბეჭდავი ხედების გავლენით შეიქმნა Batumi Gold. ამ ქალაქის მზის ჩასვლით მოხიბლულმა დიზაინერებმა ეს ფერი სპეციალურად განახლებული Range Rover-ისთვის შექმნეს. Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ამის უზრუნველსაყოფად შემქმნელებმა ავტომობილს არაერთი დამატებითი და ინოვაციური სისტემა დაუმატეს. შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული რენჯ როვერი ყველაზე კომფორტული და მდიდრულია. ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ჰაერის გამწმენდი სისტემა, რომელიც სრულად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. კიდევ ერთი სიახლეა ხმის იდეალური იზოლაციაც, რომელსაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ავტომობილის სავარძლის ზედა ნაწილებში დამონტაჟებული დინამიკებიც უზრუნველყოფს. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს - წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა. ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს და Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც. Range Rover-ის ახალი მოდელი საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება.

მსგავსი ვიდეოები