პირველი ხორგა

10/29/2020
Irakli Shonia-ის მიერ

გთავაზობთ ირაკლი შონიას მიერ შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმს სოფელ პირველ ხორგაზე, (რომელიც მიუძღვნა თავის დედულეთს): ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას მიერ გამოცემული წიგნის „ხობის მუნიციპალიტეტი“ -ს მიხედვით.
თანადგომისთვის მადლობას ვუხდი: ლევან ჯობავას, ლევან ღვინჯილიას, ბესიკ კორტავას, ადა შელიას და მარიამ შელიას.
პირველი ხორგა
პირველი ხორგა მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შედიოდა ხორგის თემში, რომელიც ერქვა ვრცელ ტერიტორიას ხობისწყლის ორივე მხარეს ხობიდან ყულევამდე და არაერთგზის დასახელებულია შუასაუკუნეების სამართლებრივ ძეგლებში. აქ აფხაზეთის კათალიკოსს სასახლე ჰქონია. ხორგა აღნიშნულია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. ხობამდე 7 კილომეტრია.
1873 წელს დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ.
სოფელში 61 გვარის 281 კომლი, 769 სული ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: ბერაია, კორტავა, შელია, ჩარგაზია, დოლბაია, ჭაჭია, ნაროუშვილი (ადგილობრივი ვარიანტი ნაროუსქუა), მირცხულავა, ქობალია, გვარამია... ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.
საინტერესო ტოპონიმებია: ვეხი-მინდორი, კოდორე- ამაღლებული ვაკე, მამული-მინდორი, ნაბერუ-ტყე, ოფაშ ნავანუ-ყანა, ოუნე-სახნავი, ბერულეფიშ კარე-მინდორი,; ღელეები: ასუა, კარცხაპი, ნაბერუ, ნარჩაბუ, ოცხენებოგა, სასქური, სკვია, შქაღალი, წყაბუ, ლესქური; უბნები: საბერაიო, სამირცხულა, სადოლბაიო, საკორტა, სალეფონა, სანარსქუო, საშელიო, საჩარგაზიო, საჭოჭუო, საქობალიო.
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეული კულტურების მოყვანა და მესაქონლეობა. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს სიმინდი, ლობიო, სოიო, თხილი, ფეიხოა, კივი..... როგორც დამხმარე მეურნეობას უძველესი დროიდან მისდევენ მეთევზეობას.
სოფელში არის ადგილები-გვიმარონი, დიშ ნახორი, დიხაკიცი, ნააკოპუ, საანგურო, რომლებიც წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლებს, ისინი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ძლიერ არიან დაზიანებული.
პირველ ხორგაში მიწისზედა ისტორიული ძეგლები არ შემორჩენილა, აქ არის ადგილი, რომელსაც ოხვამეკარი-მუხურჭალე ჰქვია, მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ. ამ ტაძარს მისარონის წმ. გიორგისაც უწოდებდნენ. ამ მიდამოებში ხობისწყლის პირზე დიდი რაოდენობით ფიქსირდება ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
პირველი ხორგიდან არიან: პოეტი ალიო მირცხულავა, სკოლის ეზოში დგას მისი ბიუსტი, ფუნქციონირებს ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმი. ამ სოფლიდან არიან აგრეთვე პოეტი-აკადემიკოსი ვაჟა ეგრისელი-დოლბაია, ისტორიკოსი ილია მირცხულავა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იონა მირცხულავა, რეჟისორი რეზო მირცხულავა. ზაალ ბერაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. რომული მირცხულავა წლების განმავლობაში ხობის ,,კოლხეთის’’ საფეხბურთო კლუბის კაპიტანი იყო, მკლავჭიდელი დათუნა ჟიშკარიანი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია.
პირველ ხორგელი ჯარისკაცი გოგა ბერაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.
პირველ ხორგაში მოქმედებს იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი.
#პირველიხორგა
#ხობი
#სამეგრელო
#მემიყვარსხობი
#ხობიჩემისახლია
#საქართველო

ვიდეოები „Irakli Shonia"-ისგან