ბოდორნის ეკლესია / Bodorna Church

01/20/2023
Lasha Mtvaradze-ის მიერ

ბოდორნის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდორნასთან ახლოს მდებარეობს. იგი XV საუკუნით თარიღდება. ტაძრის სამხრეთ ფასადის წარწერა გვამცნობს, რომ ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით ქაიყუბათის შვილმა ეკლესიას სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენა, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს. 1912 წელს ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს. ბოდორნის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის შესასვლელს შეისრული მოყვანილობა აქვს, მის ზღურბლში ჩატანებულ ქვიშაქვის ფილაზე კი შვიდსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი დარბაზისგან რიყის ქვით ნაგები, შელესილ-შეთეთრებული კანკელითაა გამოყოფილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ნაგებობას ოთხივე მხარეს თითო სარკმელი აქვს. ინტერიერი შელესილია. ტაძრის გარე მასები არ შეესაბამება შიდა სივრცის გადაწყვეტას. გუმბათის ყელის სამხრეთითა და ჩრდეთით გვერდის \"მკლავების\" ორკალთიანი სახურავებია მოწყობილი, რაც მას ჯვარ-გუმბათოვანის იერს ანიჭებს. აღმოსავლეთ ფასადზე აგურის წყობის შეწევით გამოყვანილი სამი საკმაოდ დიდი ზომის ჯვარია, დანარჩენი ფასადები კი მოურთველია. გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე ორსაფეხურიან, შეისრული ფორმის ნიშებში ვიწრო და მაღალი სარკმლებია გაჭრილი, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები აქვთ. გუმბათი ასევე დეკორირებულია ლილვებითაც. ფასადებს მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, წყობა ძირითადად შერეულია, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზე გვხვდება ქვისა და აგურის რიგების წესიერი მონაცვლეობა, გუმბათის ყელი კი მთლიანად აგურისაა.
#Bodorna
#Church
#Patriarchate
#Dusheti
#NtskhetaMtianeti
#Georgia