Zurab Sotkilava (Tenor) - Opera Arias [1979] (Vinyl Rip)

07/26/2019
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
Side 1
01-Jose’s Aria (G.Bizet. “Carmen”, Act II) 00:00
02-Cavaradossi’s Aria (G.Puccini. “Tosca”, Act III) 03:56
03-Improvisation Of Chenier (U.Giordano. “Andrea Chenier”, Act I) 06:57
04-Manrico’s Aria (G.Verdi. “Il Trovatore”, Act III) 10:50
05-Death Of Otello (G.Verdi. “Otello”, Act IV) 13:44

Side 2
06-Introduction And Turiddu’s Song 18:46
07-Scene And Duet Of Santuzza And Turiddu 24:39
08-Turriddu’s Farewell 36:29
(P.Mascagni. “Cavalleria Rusticana”)
Santuzza – Makvala Kasrashvili
Lola – Kira Leonova
Mother – Nina Grigorieva

Moscow Bolshoi Theatre Orchestra
Conductor: M. Ermler (1–5, 7)

USSR TV and Radio Large Symphony Orchestra
Conductor: A. Ziuratis (6, 8)

Recorded at concert hall (6, 8)

Editor: I. Orlova

საქართველოს სახალხო არტისტი ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს საქართველოში, სოხუმში დაიბადა. გაიზარდა ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში. დედამ, ქსენია ქარჩავამ, ვაჟი მუსიკალურ სკოლაში მიაბარა, რათა ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე დაკვრას დაუფლებოდა, მაგრამ ბავშვს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებდა. თბილისის „დინამოში“ ზურაბ სოტკილავამ სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. საფეხბურთო კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა. პოლიტექნიკური 1961 წელს დაამთავრა. სწორედ იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოუსმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.

ზურაბი მაესტრო დავით ანდღულაძის კლასში მოხვდა. კონსერვატორია 1965 წელს დაამთავრა. 1965-1974 წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1966-1968 წწ. სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ ლა სკალაში, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან“, ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან“, ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან“ (პედაგოგი: ჯ. ბარა). ტენორის დებიუტი მოსკოვის დიდ თეატრში 1973 წელს ხოზეს პარტიით შედგა. ერთი წლის შემდეგ კი იგი ამავე თეატრის საოპერო დასს შეუერთდა როგორც სოლისტი.

აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყო: „სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემდნენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის“, – აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში.

ზურაბ სოტკილავა გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მოვლილი აქვს ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის. ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუმინეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყოფილი სსრ კავშირის, კანადის, აშშ-ის უდიდესი საოპერო თეატრები და საკონცერტო დარბაზები. მას ჰქონდა ძალზე ლამაზი ტემბრის ხმა, მისი სიმღერა გამოირჩეოდა გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოსტატობით.

დროდადრო ჩამოდიოდა თბილისშიც: „ალბათ არცერთ საოპერო თეატრში არ ვღელავ ისე, როგორც თბილისში. აქ ბევრი მიცნობს, ბევრი თვალყურს ადევნებს ჩემს მოღვაწეობას პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება ღირსეულად წარვსდგე მათ წინაშე“, – აღნიშნავდა ბატონი ზურაბი.

მომღერლის ცნობილი პარტიებია: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი, ისმაილი, დონ კარლოსი (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“, „ნაბუქო“, („დონ კარლოსი“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავაროდოსი, ლუიჯი (პუჩინის \"ტოსკა\", „მოსასხამი“), ედგარი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ანდრე შენიე (უ. ჯორდანოს „ანდრე შენიე“), ბარონი ჯოლოანდრო ( ჯ. პაეზიელოს „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“), თვითმარქვია, გოლიცინი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ „ხოვანშჩინა“) და სხვა. დიდი ხელოვანი განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს („სისატურა“, „ასე ჩონგური“) და სხვა.

ზურაბ სოტკილავამ მაყვალა ქასრაშვილთან ერთად დააარსა ქუთაისის საოპერო ფესტივალი, რისთვისაც მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. მისივე ინიციატივით, თბილისის საოპერო თეატრის დასის გამოსვლებით, 1991 წლის ივლისში, ჩატარდა ვერდის საზაფხულო ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში.

2015 წელს ექიმებმა მომღერალს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე: „ექიმს მაშინვე ვუთხარი, მხოლოდ იმიტომ ვმკურნალობ, რომ ვიმღერო-მეთქი. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს...“,– განუცხადა მან ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ-გამოცემას 2015 წელს. გერმანიაში გაკეთებული ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ ზურაბ სოტკილავა პროფესიულ საქმიანობას და დიდ სცენას დაუბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით დაავადებამ კვლავ შეახსენა თავი.

ზურაბ სოტკილავა 2017 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად იგი საქართველოში ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.