არქივი: ზინოვკინასა და გრიბულის საქმე | მოსამართლის აცილების მოთხოვნა | 13 მარტი, 2025

23.07.2025 04:35

⭕ რუსი სამოქალაქო აქტივისტის ანასტასია ზინოვკინასა და მისი პარტნიორის არტემ გრიბულის პროცესზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც წინა პროცესზე, დღეს გამართულ სხდომაზეც, ბრალდებულებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ საბადრაგო სამსახური მათ ერთმანეთისგან განცალკევებულად სვამდა. დაცვის მხარემ მოითხოვა განმარტება, რას გულისხმობდა საბადრაგო სამსახური „უსაფრთხოების ზომებში“ და რა საფრთხეს წარმოადგენდა პროცესზე მათი ერთად დასმა. თუთბერიძემ პროცესზე გაიხსენა სხვა ბრალდებულების საქმეები, მათ შორის ისეთი, სადაც ორი ბრალდებული განსხვავებული სქესის იყო - უჩა აბაშიძე, მარიამ იაშვილი, თუმცა ისინი პროცესზე ბრალდებულებისთვის გამოყოფილ ადგილას ერთად ისხდნენ. დაცვის მხარემ მოსამართლეს სთხოვა, განმარტება მოეთხოვა საბადრაგო სამსახურისთვის თუ რა გარემოებების გამო მიიჩნევდნენ საჭიროდ ისინი ამ ზომების მიღებას. ამასთან, შოთა თუთბერიძის თქმით, როგორც მან გაიგონა, საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ შეაგინა. მან ამ ფაქტთან დაკავშირებით სთხოვა მოსამართლეს, გამოერკვია ბადრაგის სახელი და გვარი. როგორც გალუსტაშვილმა ადვოკატს მიუგო, „ამგვარ ფაქტს [წესრიგის დარღვევას] ადგილი არ ჰქონია“, შესაბამისად, მასზე რაიმე სახის რეაგირების საჭიროება ვერ დაინახა. ⭕ რაც შეეხება სხდომათა დარბაზში ბრალდებულების განთავსებას, მოსამართლეს არ მოუთხოვია განმარტება საბადრაგო სამსახურისგან და ბრალდებულების განთავსების საკითხში არ ჩარეულა. დაცვის მხარეს აცილების შუამდგომლობის დაყენება მოსამართლის ამ გადაწყვეტილებებმა გადააწყვეტინა. „თქვენ ვერ გაბედეთ სასამართლო დარბაზში სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება... სახელი და გვარის გამორკვევა მოვითხოვე მხოლოდ... არ გეყოთ გამბედაობა... მეორე გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომ თქვენ ვერ მართავთ პროცესებს სასამართლო დარბაზში და ასრულებთ მიღებულ დაკვეთას, თქვენ ვერ ახერხებთ საკუთარი უფლებამოსილების გავრცელებას იმაზეც კი, ვინ სად დაჯდება...“, - განაცხადა თუთბერიძემ. „ვერ აიცილებს საქმეს, სამი წლით არის დანიშნული და ერთგულება აქვს დასამტკიცებელი“, - ადვოკატის ამ სიტყვების გამო მოსამართლე გალუსტაშვილმა თუთბერიძეს შენიშვნაც გამოუცხადა. ზინოვკინას მთელი სხდომის განმავლობაში თავზე მამაკაცი ბადრაგი ედგა. ⭕ დღეს გამართულ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვებიც თქვეს, ბრალდებულებმა როგორც დაკავების დროს, ასევე იზოლატორში მათ მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მუქარაზე ისაუბრეს. ⭕ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებათ, ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკული ჩაუდეს მიმდინარე აქციებში მონაწილეობის გამო.

გაზიარება: