ნიკა მელიას საგანგებო განცხადება - 24/07/2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის ქუჩებში ოპოზიციის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრას ეხმაურება. როგორც მელიამ აღნიშნა, ეს გასაკვირი არ იყო, რადგან მისივე თქმით, უკვე 9 წელია, "ქართული ოცნების" "საფირმო ნიშანი" სწორედ ძალადობა, ზიზღი და შუღლის გაღვივებაა. "ალბათ ძალიან მიამიტობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისის ქუჩებს. ბევრი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის - ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით. მეორე მიზეზი - ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და ძარცვავს... პრემიერმინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის. "ქართული ოცნების" პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, ფიზიკურად არის ჩართული ამ ძალადობაში. ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიების დეპუტაციაზე, მათ შორის ქალ დეპუტატებზე. ამაში გასაკვირი არაფერია", - თქვა მელიამ. მისივე თქმით, იმისათვის, რომ დედაქალაქში სიძულვილისა და ზიზღის ადგილი არ იყოს, მოქალაქეებმა ასეთ კამპანიებს შესაბამისი პასუხი საარჩევნო ურნებთან უნდა გასცენ. "ეს ქალაქი უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილები და მაგალითად კახი კალაძის შვილები ერთად უნდა ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, საერთო სკოლებში მოუწევთ სიარული, საერთო სპორტულ დარბაზებში. აქედან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ სჭარბობს პატივისცემას, ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურისძიება, არამედ არის მიტევება დომინანტი. ამისთვის საჭიროა, საღია აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველანი და ამ ზიზღის კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ. მთავარია, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი", - თქვა ნიკა მელიამ. "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამოქმედა. არა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა, ოღონდ, ამჯერად ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან.

მსგავსი ვიდეოები