59

12/19/2024

დღეს დილით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 48 ადამიანი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კი 2 პირია აყვანილი: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ს.კ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

უწყების ცნობით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. აქციის წევრებმა პარლამენტის შენობისა და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკა ისროლეს. მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგანს. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.

აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი. ხოლო ბოლო დღეების განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად დაკავებულია სულ 28 ადამიანი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.