თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის მოადგილეებთან

01/28/2023
Georgian Government-ის მიერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას. 

შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი პროექტები, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს: 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე,  მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

პრემიერ-მინისტრმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 
 მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც  სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს. აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%- ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. 

სამუშაო თათბირზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და გეოლოგიური კვლევა, რომელსაც დააფინანსებს მსოფლიო ბანკი. წყალქვეშა კაბელის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. იქნება და აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა ელექტროსადგურების მშენებლობისა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება  473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 140.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2023 წელს ასევე დაგეგმილია 700 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება. 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონების გაზიფიკაციისა და ინტერნეტიზაციის პროექტები. აღინიშნა, რომ  2023 წელს ჯამში 150-მდე სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.  გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა დამატებით  26 ათასზე მეტ  აბონენტს ექნება.  პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 88 000 000 ლარია გამოყოფილი. 

რაც შეეხება რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება, უკვე აშენებულია 350კმ- მდე  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ხოლო 450კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობს მშენებლობა, აგრეთვე 4 ახალი ტენდერია გამოცხადებული ახალი მიმართულებებით ინტერნეტიზაციის უზრუნველსაყოფად.  მიმდინარე და დასრულებული ტენდერების მოცულობა სულ 1,600 კმ-ს შეადგენს. 2023 წელს დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს სამიზნე გეოგრაფიული არეალების სრული დაფარვა, 2024 წლიდან კი, მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც გაგრძელდება. 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2023 წელს 7 550 ახალი ბენეფიციარი დაფინანსდება. ინდუსტრიული კომპონენტის ნაწილში დაგეგმილია 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და 2 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება, რაც ჯამურად 1.6 მლრდ ინვესტიციას და მშპ-ში 600 მლნ ლარის კონტრიბუციას გულისხმობს.
აღინიშნა, რომ 2023 წელს დაგეგმილია სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რომლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც უკვე დამტკიცებულია. 2023 წელს დაგეგმილია სამ სახელმწიფო კორპორაციაში რეფორმის პილოტირება და სახელმწიფო კორპორაციების შესახებ კანონის შემუშავება.
ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/news/352610?page=\u0026...

ვიდეოები „Georgian Government"-ისგან