შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის ელჩი ეწვია


შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - რებეკა ჰანტთან და აშშ-ის საელჩოს სამართალდაცვით საკითხებში უფროს მრჩეველთან - მაიკლ ტერნერთან ერთად ეწვია.

სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ უმასპინძლეს. მინისტრმა კელი დეგნანს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ლაბორატორიები დაათვალიერებინა.
ელჩმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის; ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის; ბალისტიკური ექსპერტიზის; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის; ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები.
„ძალზე შთამბეჭდავია ამ ლაბორატორიების საქმიანობა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, მინისტრ გომელაურთან ერთად დამეთვალიერებინა ისინი. ის ფაქტი, რომ ლაბორატორიებმა სულ ახლახან მოიპოვეს საერთაშორისო აკრედიტაცია დოკუმენტების, თითის ანაბეჭდებისა და სახის ამოცნობის ექსპერტიზის მიმართულებით, მიუთითებს დიდ სურვილსა და ძალისხმევაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით INL-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.

„ათი წელია ამერიკული მხარე გვეხმარება არამარტო ტექნიკურ აღჭურვაში, არამედ თანამშრომლების ტრენინგებშიც. აპარატურა, რომელიც მე და ქალბატონმა ელჩმა ერთად დავათვალიერეთ, არის უახლესი ტექნოლოგიების, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის. ეს შენობა რამდენიმე ხნის წინ გავხსენით, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის INL-ს, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ INL-ის მხარდაჭერით ჩატარებულ 60-ზე მეტ ტრეინინგსა და კონფერენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 400-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, როგორც აშშ-ში, ასევე, საქართველოში.


Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან