Giorgi Gulua - franebi გიორგი გულუა - ფრანები

11/30/2017
Giorgi Gulua-ის მიერ

Facebook - https://www.facebook.com/Gio.Gulua

შემოდგომაა შინიგამური,
მტევნები ორმოს ავსებენ გიდლის
და ბუხრის წმენდა სახის გამურვით,
ზამთრის კვამლიან სითბოსთვის მიღირს.
საით მიდიან მითამ ფრანები?!
ჭირიც მოსჭამონ იქნებ ნოემბერს,
რომ ცის ერბოებს მინაბარები,
სხივები, სხივებს ობლად ტოვებენ
და მიათრევენ სინათლის ლენტებს,
სარმამ სოფელი ამიმტვერა სულ,
Festina Lente, Festina Lente,
აქ, ნუ დამტოვებ ამატერასუ,
სადაც სიცივე აშინებთ ჩიტებს.
შედეგი მიზნის ნატვრაა ჯერაც
და ვხვდები, გული თუ რამდენს იტევს,
იმ სხვა სიცოცხლის დღემდე, რომ მჯერა!
ზოგჯერ ზღვა,სიცოცხლე ზღვაში წვეთია,
უფრო ხშირად კი - წვეთი, პირიქით,
ვწმენდ ბუხრის კედლებს ლანჭებს წვეტიანს,
რომ ამირეკლონ დანის პირივით.
უპლისევდებათ გუბეებს სარკე,
ვინ არის ახლა, ომეგა, ალფა?! -
რაც დავიბადე მას მერე ვარკვევ
და ვერც ვერასდროს, გავარკვევ ალბათ!
ვანილის ზეცა ისე დიდია, -
რა პატარაა სამყარო, მზითად!
ფრანები მაღლა, მაღლა მიდიან,
მიდიან, მაგრამ საითკენ მითამ?!
ვერ იკავებენ ფოთლებიც საჭეს,
ფოთლები ვისთვის სასო, ფარვანა.
დრო ახალ-ახალ ტკივილებს აჩენს,
ძველ ტკივილების დასაფარავად.
როგორ ცდილობენ მივიდნენ მზესთან
ნისლები, როგორც კვამლი ჩილიმის,
ხეებიც გმინავს ტკივილით ფესვთა,
მშობელს წართმეულ თოთო შვილივით.
სიკვდილი არ სურს, მხოლოდ შინიგამს,
უფრო ბედია კრულვა, თავნება.
გზები, რომლებიც ღმერთთან მიმიყვანს,
ვინ იცის, როდის დამიმთავრდება
და მოდის ღამე, შავი მარხილით,
რომ დამიბნელოს სულის რვეული,
თუმცა მკერდში მაქვს მთვარე ლაჰილის,
დიდებული და ანასეული.
და რა დამრჩება ნაშთად ესოდენ,
თუკი ახლავე გავარტყამ მიზანს,
ღმერთი რომ ჩვენში არ არსებობდეს,
კაცი, მერწმუნე, ყველაფერს იზამს
რომ არ გაიგოს არავინ არსად,
რომ არ შეიტყონ აზრები მისი.
ყურებზე ხელებს ნიჟარის მსგავსად,
ვიფარებ და ზღვა ხელებშიც ისმის.
თუმცა დაღლილი ბუხარს ვწმენდ ისევ,
ამატერასუს გახდილ სარაფნით,
ვოიაჟები მთავრდება ისე,
როგორც იწყება, ანუ არაფრით.
ვანილის ზეცა ისე დიდია, -
რა პატარაა სამყარო, მზითად,
ფრანები მაღლა, მაღლა მიდიან,
მიდიან, მაგრამ საითკენ მითამ?!

გიორგი გულუა