მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალური ცერემონია

მსურს, ყველას მოგილოცოთ მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სულის" წარმატებით დასრულება; წელს ეს სწავლება გამორჩეული იყო, რადგან ის საიუბილეოა, მეათე სწავლებაა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწავლება „მტკიცე სული" ნათელი დასტურია იმ მტკიცე და სამაგალითო ურთიერთობების, რომელიც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან აკავშირებს. „ეს სწავლება სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოველწიურად მზარდი თანამშრომლობის შედეგია. მე მინდა, განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო სწავლების თითოეულ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს და მის დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულ ყველა პირს. მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ამ პირობებშიც, სწავლების წარმატებული ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თქვენს მზადყოფნას, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, თქვენს ძალისხმევას, არ მოაკლოთ ენერგია საერთო ღირებულებების დაცვას. მიმდინარე წელმა, მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ჩვენთვის და თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში უკვე ოფიციალურად დასრულდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისია, რომლის განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ახლახანს დავხვდით ბოლო ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ხმამაღლა განვაცხადეთ - საქართველო, როგორც აშშ-ის და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული" სწორედ ამ სულისკვეთების ნაწილია, რადგან ის ჩვენი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო წვრთნების - „მტკიცე სულის" თუ „ღირსეული პარტნიორის" ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ კარდენს მადლობა გადაუხადა. „მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერმა. საერთაშორისო სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit-2021 საქართველოში მეათედ ჩატარდა. სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. დახურვის ცერემონია მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა.

მსგავსი ვიდეოები