თაკო ჩარკვიანის შეთავაზება - დიდი შერიგება, ან უმწვავესი ბრძოლა სააკაშვილის დასაცავად

09/30/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს, რათა შეხვდნენ მას და ისაუბრონ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხზე.

ჩარკვიანი დიდი შერიგების დაწყების ინიციატივით გამოდის, თუმცა დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს დაიჭერენ, მისი ორგანიზაცია, დამოუკიდებლად, უმწვავესად გააგრძელებს ბრძოლას ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად და დასაბრუნებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე ვართ. ეს ეხება არჩევნებს, რომელიც რეფერენდუმის სახით ტარდება. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა კიევი-თბილისის რეისი. საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტს და სხვებსაც, ვინც არ შედის ამ 30 პროცენტში, უნდათ, რომ ეს რეისი მშვიდობიანად დასრულდეს. დღეს უკვე მეორედ მოვისმინეთ ღარიბაშვილის ძალიან უხერხული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რადგან მას, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ არის სრულიად საქართველოს პრემიერი. ძალიან იოლად საუბრობს ადამიანთა დაპირისპირებაზე, რაც წარმოუდგენელია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, თუ მას არ აქვს ჩაფიქრებული, ესკალაცია მოახდინოს.

მინდა, მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. ეს შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება და ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად მოაზროვენეობა მათ მართებთ, რადგან საქართველოს არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე. ვიღაც არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს შენებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

აღმოჩნდა, რომ ამ წვლილის შესახებ 800 ათასმა კაცმა დაიჯერა. იმ ყოფილ პრეზიდენტს ხელში უჭირავს პარტია, პარტია არის ამომრჩეველი. ამომრჩეველი არის 800 ათასამდე. გნებავთ, ერთი წლის წინანდელი თქვენი ციფრი იყოს და 27 პროცენტი იყოს, ეს არის 600 ათასი მოქალაქე. 600 ათასი მოქალაქე ჩემთვის ზუსტად ისეთივე მოქალაქეა, როგორიც „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების მომხრეები“.

„თქვენ რადგან არ შეგწევთ უნარი, სახელმწიფოებრივად იაზროვნოთ, საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საძიძგნად, დასახლეჩად, რუსეთისთვის გადასაბარებლად ქვეყანას არ დათმობენ.

ვინაიდან ასეთი ვითარება შეიქმნა, ჩემი წინადადება ასეთია, გაანალიზეთ სწორად – ასეთ რეჟიმში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. დაჭერის შემთხვევაში, მე პირადად გარანტიას გაძლევთ, ზუსტად ისე, როგორც არ მიკითხავს ოპოზიციისთვის, მოძრაობა „სააკაშვილის დასაბრუნებლად“ კვლავ გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში. ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, ეს თქვენც გჭირდებათ, იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ კარგი საქმეები ქვეყანაში გაკეთებული.

მართლმსაჯულების მახინჯი სისტემა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს იყო, თქვენ სულ დაამახინჯეთ, გაანადგურეთ, უარესად აღვირახსნილი გახადეთ. ამიტომ, ჩემი წინადადებაა, მშვიდობიანად მივცეთ საშუალება, დაჯდეს თვითმფრინავი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან