Kontrabanda @ Live at Lado Burduli Birthday

07/27/2013
Lexo Machavariani-ის მიერ

July 26, 2013. Tbilisi, Georgia

1. 00:55 ერთი იყო
2. 04:12 მოვტყან თქვენი მშვიდობა
3. 06:50 თუშური
4. 09:55 მოკვდა


პანკ როკ ჯგუფი \"კონტრაბანდა\" 1994 წელს თბილისში ბესიკ \"ბესელა\" რაზმაძემ (ვოკალი, გიტარა) შექმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში პაატა ედილაშვილი (ბასი), დავით \"აღლი\" შავგულიძე (გიტარა) და დათუჩა აბულაძე (დრამი) შედიოდნენ. 

ადრეული ჩანაწერებიდან კოლექტივის მიერ 1994 წელს ჩატარებული ერთ-ერთი რეპეტიციის ჩანაწერი და 1996 წელს ტელერადიოკომპანია \"ივერიონის\" ეთერში გასული ლაშა გაბუნიას საავტორო გადაცემა \"ანარეკლია\" შემორჩენილი, რომელშიც \"კონტრაბანდას\" ლიდერი ბესელა რაზმაძე საკუთარ სიმღერებს ჯგუფის წევრების გარეშე, ელექტროგიტარის თანხლებით ასრულებს.

არსებობის პირველ წლებში ბენდის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. 1996-ში დათუჩა აბულაძისა და დავით შავგულიძის ნაცვლად, \"კონტრაბანდაში\" ლევან სარაჯევი (დრამი) და კოტე კალანდაძე (გიტარა) მოვიდნენ. ცოტა ხანში ლევან სარაჯევი დასარტყამ ინსტრუმენტებზე ირაკლი \"ზვერ\" ელიზბარაშვილმა შეცვალა, ბენდიდან წასული პაატა ედილაშვილის მაგივრად ბასზე კოტე კალანდაძე გადავიდა, ხოლო გიტარისტად კახა \"დუშკა\" გულიაშვილი მიიწვიეს. ერთი წლის შემდეგ კი ირაკლი ელიზბარაშვილი გოგა სამხარაძემ (დრამი) ჩაანაცვლა, რითიც კოლექტივის კლასიკური შემადგენლობის ფორმირება დასრულდა.

კოლექტივის სადებიუტო და ამ დრომდე ერთადერთ ალბომში Caucasus Criminal Core, რომელიც 1998 წელს ჩაიწერა, მუსიკოსებმა უარი თქვეს შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე მათთვის ჩვეული კლასიკური პანკის ჟღერადობაზე და მსმენელებს ჰარდკორისა და ინდასტრიალის ნაზავი შესთავაზეს. სწორედ ამ სტუდიურ ნამუშევარშია შესული \"კონტრაბანდას\" ყველაზე ცნობილი სიმღერა \"მოკვდა, მოკვდა\".

ალბომის ჩაწერის შემდეგ, \"კონტრაბანდამ\" რამდენიმე კონცერტი ჩაატარა და დაიშალა, მისი ფრონტმენი კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბესელამ ჯგუფი აღადგინა და 2013 წელს 90-იანებში შექმნილი სიმღერების განახლებული სტუდიური ვერსიები ჩაწერა, მათ შორის კომპოზიციები \"თუშური\" და \"ერთი იყო\".

ამ ჩანაწერებისთვის \"კონტრაბანდას\" წევრებს - ბესელა რაზმაძე (ვოკალი, გიტარა), კოტე კალანდაძე (ბასი), კახა გულიაშვილი (გიტარა) და გოგა სამხარაძე (დრამი), დათო ბახტაძე (ვალტორნა) დაემატა. ჯგუფმა საკონცერტო მოღვაწეობა სწორედ ამ შემადგენლობით განაახლა.

\"კონტრაბანდა\" აქტიური სამოქალაქო პოზიციით არის ცნობილი. რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტიდან ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნამდე - კოლექტივი არაერთ აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია ასევე, რომ ბესელა რაზმაძე 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.