სამოქალაქო პანაშვიდი

10/11/2021
Georgian Government-ის მიერ

კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა.
„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას\", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმის საკათედრო ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.
ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული ჯემალ ბაუჟაძის ოჯახშიც იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური
26 მაისის ქუჩაზე აღმართულ \"გლოვის კედელთანაც\" იმყოფებოდა, რომელიც
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ტრაგედიის სიმბოლოდ არის აღმართული.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვიდეოები „Georgian Government"-ისგან