"იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ" - შეხვედრა ზუგდიდში

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს ოჯახში ძალადობის, მისი პრევენციისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს დევნილი ქალების უფლებების დაცვას. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დახმარების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრები ხორციელდება UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების შესაძლებლობების გაფართოება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება COVID 19 -ის კრიზისის პერიოდში.პროექტის კოორდინატორის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით, პროექტი მოიცავს ორ ნაწილს - ჰუმანიტარულ დახმარებას და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, პანდემიამ ყველაზე ცუდი ზეგავლენა იქონია მოწყვლად ჯგუფებზე და შესაბამისად, პროექტი დევნილების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. "ზოგადად, მსოფლიოში კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს გაზრდილია ძალადობის შემთხვევები. საქართველოში ეს კვლევა არ განხორციელებულა, მაგრამ მსოფლიოს კვლევებზე დაყრდნობით გვსურს, რომ ეს საკითხი წინ წამოვწიოთ. ინფორმირებულობა გაზარდოთ თემებში, იქნება ეს პანდემიის დროს თუ პანდემიის შემდგომ. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა იყოს უფრო ფართო და ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ იმაზე, თუ სად უნდა დარეკონ, როცა არის რაღაცა შემთხვევა. მნიშვნელოვანია, ამ კამპანიის ფარგლებში, თუნდაც ცხელი ხაზის ნომერი ან სხვადასხვა სერვისები, რაც სახელმწიფოს აქვს, გავხადოთ უფრო ცნობადი", - თქვა მარიამ ბეგიაშვილმა. UNDP-ის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ლელა აქიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების დაცვის და სოციალური ინკლუზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ თემებთან მუშაობაზე. "იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა თემს, განსაკუთრებით კი დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს, ვაწვდით ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. იმისთვის, რომ მომავალში მათ თვითონ, უკვე ინფორმირებულებმა უფრო აქტიური და თამამი ნაბიჯები გადადგან საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად", - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა წყალტუბოსა და გორის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinati1059fm/

მსგავსი ვიდეოები