ქართული ბანკების ბარათებით მაისში უცხოეთში შესრულებული ტრანზაქციები

06/28/2017
Business Media Georgia-ის მიერ

დღის რიცხვი არის 103,073,000
ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე მაისში 103 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა.
ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 49%ით აღემატება.
ამას მოჰყვა ერთი ვაივიში სოციალურ ქსელებში. უცხოელები 171 მილიონს ხარჯავენ საქართველოში და აქედან 103 უკან გაგვაქვსო და ასე შემდეგ. წავიკითხე ერთი-ორი ვიზალიბერალიზაციის საწინააღმდეგო პოსტიც.
არ მინდა ეს რიცხვი ისე ჩაიბეჭდოს საზოგადოების გონებაში, თითქოს მას შემდეგ რაც ვიზალიბერალიზაცია მოვიპოვეთ, 103 მილიონი დავხარჯეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მთელი ეს ფული მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის ანგარიშზეა.
მეგობრებო, ეს ასე არ არის.
ვიზალიბერალიზაცია ჩვენ 29 მარტს მოგვცეს, ანუ ეფექტის ათვლა აპრილიდან შეგვიძლია დავიწყოთ. მოდი, ვნახოთ, რა თანხის ოპერაციები შესრულდა მარტში, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგვცემდნენ. ეს თანხა შეადგენს 99,669,000 ლარს ანუ დაახლობით 3.5 მილიონით ნაკლებს, ვიდრე მაისის რეკორდული მონაცემია. ანუ ვიზალიბერალიზაციამდეც დაახლოებით ამდენივეს ვხარჯავდით ქართული საბანკო ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქამდეც ბევრ პროდუქტსა თუ სერვისს ვყიდულობდით უცხოეთიდან. ვიწერდით სხვადასხვა ნივთს, რომელიც ქართულ ბაზარზე ან არ მოიპოვება, ან გაცილებით ძვირი გვიჯდება, ვიდრე გამოწერით. ნურც ამაში დავინახავთ ტრაგედიას. ამაში დამნაშავე არა სიღიავე, არამედ პირიქით, ჩაკეტილობაა, რა გზასაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ათწლეულში დავადექით.
წამალი არა საზღვრების ჩაკეტვაში, არამედ პირიქით, გახსნაშია. ქართული ეკონომიკის გლობალიზება, მეტი პროდუქტის შემოდინება, ნაკლები საიმპორტო რეგულაციების პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტების და სერვისების მწარმოებლები უფრო იაფად შეძლებენ საქართველოში პროდუქტის შემოტანას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საქართველოში დარეგისტრირებული ოფიციალური დილერებისგან, საქართველოს ფარგლებშივე დავხარჯოთ ეს ფული. თორემ საზღვრების ამოკეტვით საპირისპირო ეფექტს მივიღებთ – რაც დეფიციტურია და ცოტაა, ის უფრო ძვირია და ჩვენ მოგვიწევს ან მეტი გადავიხადოთ, მაგალითად, ტექნიკაში, რომლის წარმოების თავიც საქართველოს არ აქვს, ან რამდენიმე რგოლს გადავუხადოთ ფული, საბაჟოს ჩათვლით, რომ არცთუ ძვირიანმა ტექნოლოგიამ ჩვენამდე შესამჩნევად ძვირად ჩამოაღწიოს.
ასე რომ ნუ შეგვეშინდება საზღვარგარეთ შოპინგის. პირიქით, რაც მეტი იხარჯება უცხოურ ბრენდებში, მით დიდ სიგნალს გავცემთ უცხოური ბრენდებისადმი, რომ საქართველო საინტერესო ბაზარია და მით მეტ მოტივაციას ვაძლევთ მათ, გახსნან აქ ოფიციალური წარმომადგენლობები. და გარდა პროდუქტებისა, რომელსაც ჩვენ ეკონომიკურ საქმიანობაშიც ვიყენებთ, შემოიტანონ ინვესტიციები, გამოცდილება, დაასაქმონ ადამიანები და უხადონ გადასახადები ჩვენს ქვეყანას.
საპირისპიროდ, შეგვიძლია ჩავკეტოთ საზღვრები და ველოდოთ, როდის შეძლებს საქართველო მაგალითად ეფლის პროდუქციის წარმოებას, რომლის კაპიტალიზაციაც დაახლოებით 52-ჯერ დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს ეკონომიკა. აი, ეს ერთი კომპანია ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტზე 52-ჯერ დიდია. არსებული 4%იანი ეკონომიკური ზრდით ჩვენ 101 წელი დაგვჭირდება, სანამ საქართველოს ეკონომიკა ეფლის აქტივების ფასს დაეწევა.
ზედმეტი სამნახევარი მილიონის უცხოეთში დახარჯვის შიშით საქართველოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შეფერხება რა რანგის სისულელეა ალბათ ხვდებით. გვეყოფა ჩაკეტილობა, გავხსნათ საზღვრები და ვაქციოთ საქართველო გლობალიზებულ ეკონომიკად, როგორიც ირლანდიაა, რომელიც გლობალიზებული ეკონომიკების რეიტინგში სტაბილურად პირველ სამშია და რომლის ეკონომიკური სასწაულიც პირდაპირ ამასთანაა დაკავშირებული. ღია ეკონომიკისა და დანარჩენ ევროპასთან შედარებით ნაკლები რეგულაციებისა და გადასახადების გამო ირლანდიაშია ყველა უდიდესი ტექნოლოგიური და არა მარტო მწარმოებლების რეგიონული ოფისები. პოსტსაბჭოთა ესტონეთმა თუ შეძლო ამის გამეორება, ჩვენც შეგვიძლია და ერთადერთი ბარიერი ამ გზაზე პოლიტიკოსების ეკონომიკურად უწიგნური, ან განზრახ პოპულიზმია.

#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშილი
საქმიანი დილა
28/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან