საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთაველის ფონდი 2015 წლის 21 აპრილიდან ახალი წესდებით მუშაობს. მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, ფონდის მართვის მიზნით, შეიქმნა ახალი კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად შევიდნენ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი და ქართველი მეცნიერები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილე. სამეთვალყურეო საბჭოს უცხოელი და ქართველი წევრები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ ფონდის განვითარებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით განახორციელებენ ფონდის მმართველობას.
დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი ახალ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვდნენ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტები და ბოლო ოთხი წლის მუშაობის სტატისტიკა გააცნეს, ასევე განიხილეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება: საერთაშორისო ექსპერტთა ქსელის გაფართოება; გრანტების მენეჯმენტის ერთიანი ახალი სისტემისა და ახალი ბაზის შექმნა; საქართველოს ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა; საკონკურსო პროგრამების რეორგანიზაცია და ახლის შექმნა.