Maia Tomadze (Soprano) - Arias From Operas [1989] (Vinyl Rip)

05/09/2018
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
01-Giuseppe Verdi - “Aida” (1’st movement) 00:00
02-Giuseppe Verdi - “Aida” (3’rd movement) 06:04
03-Giuseppe Verdi - “Don Carlos” (5’th movement) 12:37
04-Giacomo Puccini - “Sister Angelica” (Angelica’s Aria) 20:56
05-Vincenzo Bellini - “Norma” (Norma’s Cavatina, 1’st movement) 25:40
06-Vincenzo Bellini - “Norma” (Norma’s Aria, 2’nd movement) 30:33
07-Giuseppe Verdi – “The Power Of Fate” (4’th movement) 37:01

Georgian State Symphony Orchestra
Conductor: Jansugh Kakhidze

Recorded At – Tbilisi Recorded Studio © 1988

Credits:
Artwork By – M.Budileva
Engineer – M.Kilosanidze
Supervised By [Editor] – L.Chamagua
Photos By – S.Kiladze and I.Muradov

© 1991, “მელოდია”

Vinyl Rip by – ERM0NIA

„რესპუბლიკის სახალხო არტისტის, ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და „გრან პრის“ ლაურეატის მაია თომაძის შემოქმედებითი გზა თორმეტი წელია დაკავშირებულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური საოპერო თეატრის შემოქმედებით ცხოვრებასთან.

მაია თომაძის რეპერტუარი საკმაოდ სოლიდური და მრავალფეროვანია სტილის, ემოციურ-სახეობრივი წყობისა და ვოკალური გამომსახველობის თვალსაზრისით: ეთერი ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“, თამარი ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცებაში“, დონა ანა მოცარტის „დონ ჟუანში“. მომღერლის შემოქმედებით ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ეტაპია დიდი თეატრის სცენაზე შექმნილი სახეები: ტატიანა პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაში „ევგენი ონეგინი“, ნატაშა სერგეი პროკოფიევის ოპერაში „ომი და მშვიდობა“.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მ. თომაძის შემოქმედებითი კონტაქტები ბარსელონას საოპერო თეატრ „ლისეოსთან“, სადაც მის მიერ წამყვანი პარტიები იქნა შესრულებული, ვერდის „აიდაში“ (აიდა), „დონ კარლოსში“ (ელისაბედ ვალუა) და პუჩინის „და ანჟელიკაში“ (ანჟელიკა). ამას უნდა დავუმატოთ არია – სცენები, ბელინის „ნორმადან“, როსინის „ქურდი კაჭკაჭიდან“, აგრეთვე ქართველ, რუს და საზღვარგარეთის კომპოზიტორთა რომანსები.

ყოველი საოპერო პარტია თუ კამერული ნაწარმოები მაია თომაძისათვის თითო საფეხურია ოსტატობის დიდ გზაზე გასასვლელად. დღეს იგი თავისუფლად ფლობს ვოკალური გამომსახველობის ყველა საშუალებას: ფართო სუნთქვის კანტილენური მღერადობიდან მეტყველებითი ინტონაციების უმნიშვნელო ნიუანსებამდე, დრამატული სიმძაფრით აღსავსე ჟღერადობიდან კათარსისული სიწმინდის სინაზემდე. მისი ოსტატობის მაჩვენებელია აგრეთვე ვოკალის ტემბრის დრამატურგიული გააზრებით მიღწეული სახეთა მთლიანობა და მათი ფსიქოლოგიური წახნაგების წარმოჩენა.

საზღვარგარეთ გასტროლებმა განსაზღვრეს მაია თომაძის შემოქმედებითი კავშირები მსოფლიოში აღიარებულ ვოკალისტებთან და დირიჟორებთან, მათ შორისაა: ფიორენცია კოსოტო, რუჯერო რაიმონდი, პიეტრო კაპუჩილი, ლუის ლიმა, ბარტოლინი და სხვანი“.

წარწერა ფირფიტის უკანა ყდაზე

----------------------------------------------------------------------------------

მაია თომაძე დაიბადა თბილისში 1954 წლის 26 ივნისს. 1976 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მას ადრეული ასაკიდანვე შეტყობია, აბსოლუტური სმენა და უნიკალური ხმის ტემბრი. პატარაობაში სიმღერას უშლიდნენ და ფუნდამენტურ მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ. 5 წლისა ვიოლინოზე მიაბარეს, 8 წლისა უკვე სტრავინსკის უსმენდა. მუსიკალური ტექნიკუმი ვიოლინოს დიპლომით დაასრულა. კონსერვატორიაში კი უკვე ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1976 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (სოპრანო). 1980-1983 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1983 წლიდან კვლავ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1986 წლის ნოემბერში ბარსელონაში, მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე, წარმატებით გაიარა სამივე ტური, პირველ ტურში, მაიას ნამღერმა ესპანურმა რომანსმა მარტო მაყურებლის კი არა, ჟიურის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა. ჟიურიში იყვნენ – მონსერატ კაბალიე, ირინა არხიპოვა, ჯუზეპე დისტეფანო, რენტა კუპერი, მაგდა ალივიერო. გამარჯვებულთა კონცერტზე შეასრულა ლეონორასა და აიდას არიები, მერე კი მსმენელის დაჟინებული თხოვნით დიმიტრი არაყიშვილის „ქალის ურმული“ და უკვდავი „სულიკო“. მის აფიშას მიეწერა – ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პირველი პრემიისა და გრან პრის მფლობელი. წარმატებით ასრულებდა სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთერის პარტია (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), იგი აღიარეს წლის საუკეთესო როლად (1977, 1987), თამარი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), სილვანა (გია ყანჩელის „და არს მუსიკა“), იოლანტა (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), დონა ანა (მოცარტის „დონ ჯოვანი“), აიდა, ელისაბედი (ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“), ფატა მორგანა (სერგეი პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული“). მას ჰქონდა იშვიათი სილამაზის რბილი ტემბრის ხმა. 1987 წელს საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. 1992 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან. მაია თომაძისთვის „გედის სიმღერად“ იქცა 1994 წელს მის მიერ შესრულებული ეთერის პარტია ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე. მომღერალი 1994 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

წყარო: „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007 წელი