სტუმარი


\"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან\"
იოანეს გამოცხადება - 3:20

წუხელ გლახაკი მესტუმრა –
მშია, მაჭამე რამეო;
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო;

გაკვირვებული შევცქერი –
ღმერთმა სტუმარი მაწვია;
საბრალოს ტანსაცმელიც კი
ჩამოძენძილი აცვია;

მობრძანდი მეთქი, ძმობილო,
ღვთისა არის თქო სტუმარი,
მშვიდობით თუა მოსული,
კეთილმოსურნე თუ არის;

შევიპატიჟე ოთახში,
სუფრა ბუხართან გავუწყე;
ძმურად გავიყოთ, რაც მაქვს თქო,
მორიდებულად ვაუწყე;

გათბა, დანაყრდა საბრალო,
მეტი არ მაქვს თქო, ბოდიში;
შემდეგ საწოლი ვაჩვენე,
მოისვენე თქო ლოგინში;

ცრემლით აევსო თვალები,
ხელები ცისკენ ასწია,
თავი დამიკრა მორცხვად და
დასაძინებლად გასწია;

მერე როდესაც გათენდა,
როცა საუზმეც იხმია,
მითხრა: – მოყვასო, აქამდეც
შველად ბევრისთვის მიხმია;

მაგრამ უცხოს და საეჭვოს
არ მიკარებენ, ვაშინებ;
შენ რად გამიღე კარები,
რად შემომიშვი მაშინვე?

იქნებ ბოროტად მოვსულვარ,
კეთილმოსურნე არა ვარ?
იქნებ მტერი ვარ ვერაგი,
იქნებ ყაჩაღი გახლავარ?

როგორ მიმიღე უსიტყვოდ,
ეჭვიც რომ არ გაგჩენია;
გადმომილაგე რაც გქონდა,
ლუკმაც კი არ დაგრჩენია;

გამკვირვებია, ღმერთმანი,
ეგ თანაგრძნობა გულისა;
ეგ გულუხვობა მაკვირვებს,
სითბო, სიკეთე სულისა;

უზომო მადლიერებით
მაქვს, ძმაო, გული სავსეო;
მითხარი, რატომ მიმიღე,
რად მომექეცი ასეო?

როგორ გაკადრო – მივუგე –
შენზე ცუდი რომ ვიფიქრო?
რა გამაჩნია ნეტავი,
ჩემი ძარცვა რომც იფიქრო?

მაგრამ მიზეზი სხვა გახლავს,
მარტო ეს ფაქტი არ არის;
ქრისტიანი ვარ, ძმობილო,
აი ეს არის მთავარი;

ცოდვილი, ვცდილობ, როგორმე
უფლის მცნებებით ვიარო;
მოყვასის დარდი, ტკივილი
გულწრფელად გავიზიარო;

განა მე შენზე მეტი ვარ,
მეც გლახაკი ვარ სულითა,
მაგრამ გული მაქვს აღსავსე
მაცხოვრის სიყვარულითა;

უფალმა ბრძანა: – შევუნდობ,
დიდი სამსჯავროს დღესაო;
ვინც შეიწყნარებს მოყვასს და
ვინც გაუმართავს ხელსაო;

როგორც შენ გინდა მოგექცნენ,
შენც მოექეცი ისეო;
ყველა მწირი და ღატაკი
ძმასავით შეითვისეო;

აი, ეს არის მთავარი,
სიტყვა და მცნება უფლისა;
სასოება და საზრდოა
ჩემი ცოდვილი სულისა;

ამიტომ, ძმაო, ნუ გიკვირს,
თუ შენთვის რამე გავიღე;
ღმერთმა იცოდეს, ეს გულიც
სახლის კარივით გაგიღე;

მადლობა უფრო მე მეთქმის
და არა უმადურობა,
რადგან უფალმა ინება
ჩემს სახლში შენი სტუმრობა;

რადგან მიბოძა უფლება,
მცირე გამეღო წყალობა;
ყოველი სიკეთისათვის
უფალს ეკუთვნის მადლობა;

უფალი არის ყოველში,
თუ ვინმე არის ავადა;
ყოველ მწირსა და გლახაკში
უფალი სუფევს თავადა;

იქნებ თავად ხარ იესო,
დღესაც რომ ჯვარზე ევნება,
იქნებ ღმერთსა და მაცხოვარს
ჩემი გამოცდა გენება?

დიახ, უფალი გახლავარ –
მისი ბაგიდან აღმოხდა;
ირგვლივ მზესავით განათდა,
ვერ გავიაზრე, რა მოხდა;

მუხლთ დავიჩოქე ცოდვილმა,
ცრემლები წამსკდა სიმწრისა -
მე რა ღირსი ვარ უფალო,
შენი დიდების ხილვისა?!

ხელი დამადო მხარზე და
ტანთ დამიარა ცეცხლივით;
მისი სახე და სამოსი
თეთრად ბრწყინავდა ვერცხლივით;

მართალი თქვიო, ასეა,
ყველასთან ასე დავდივარ,
რადგან თქვენს გამო, ცოდვილნო,
ყოველდღე ჯვარზე ავდივარ;

ხან ქუჩაში ვარ მათხოვრად
თქვენგან წყალობის მთხოვნელი;
ხან სნეული ვარ საბრალო
და მნახველს იქაც მოველი;

ხან ციხეში ვარ პატიმრად,
დღე მაქვს უმზეო, დღე ბნელი;
ხან კი კარდაკარ დავდივარ,
თავშესაფარის მძებნელი;

მე კი არ მინდა წყალობა,
თქვენთვის ვირჯები სრულებით,
რათა არ წარწყმდეთ უჩემოდ,
ეშმაკს არ მისცეთ სულები;

სათნოებას და სიკეთეს
ვეძებ უმცირესს ყოველსა,
რადგან უზომოდ მიყვარხართ,
თქვენ ღმერთს და მამა მშობელსა;

ხან განსაცდელებს გიგზავნით,
რათა არ აყვეთ საცდურებს;
ხან ვცდილობ სნეულებებით
გარიდოთ ვნებებს მაცდურებს;

ეჰ, საზრუნავი ბევრი მაქვს,
განა მოცლილი როდი ვარ,
მაგრამ რადგან არ გახსოვართ,
თქვენთან ამ გზებით მოვდივარ;

გადაეციო სუყველას,
ამჟამად რაც კი გითხარი;
მერე კი გაქრა უეცრად,
ხილვა იყო თუ სიზმარი;

მე კი ღმერთსა ვთხოვ შენდობას,
ამ ამბის თქვენთვის მთხრობელი!
წუხელ უფალი მეწვია –
უფალი ყოვლისმყრობელი...