Вадид Абасов: Обращение к Грузинскому и Азербайджанскому народу


ვიდადი აბასოვი: მიმართვა ქართველ და აზერნაიჯანელ ხალხს (რუს ენაზე) / Вадид Абасов: Обращение к Грузинскому и Азербайджанскому народу .. (2019)

დავით გარეჯი „აზერბაიჯანელებისთვის ეს მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, ქართველებისთვის – წმინდა ადგილი...მოდით, გავუგოთ ქართველებს“
საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი ბოლო დღეებში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვიდეო-ბლოგით ეხმიანება, რომელშიც ქართველებსა და აზერბაიჯალენებს, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, ორი ქვეყნის ხელისუფლებებსა და პოლიტიკურ სპექტრს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს:
„განზე ვერ დავრჩებოდი, რადგან მართალია, რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გახლავართ, დაბადებული საქართველოში და ჩემს სამშობლოდ საქართველო მიმაჩნია.

2019 წლის აღდგომის დღესასწაულის წინაპერიოდში მოწმენი გავხდით საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენისა: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია. ამის მიზეზად იქცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქცევა, რომლებმაც ქართველ სასულიერო პირებს სამონასტრო კომპლექსის ნაწილთან წვდომა შეუზღუდეს. ძალზედ გულსატკენია, რომ ეს მაინცდამაინც აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მოხდა და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ამ სიტუაციით ისარგებლა ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკურმა სპეკულიანტმა, ისეთებმა, როგორებიც არიან ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და სხვანი. მათ თავს უფლება მისცეს, შეურაცხყოფა მიეყენებინათ მთელი აზერბაიჯანელი ხალხისთვის. მე მინდა, მივმართო და შევახსენო მათ, რომ სწორედ ასეთი გამოხტომები უწყობდა ხელს 80–იან წლებში საქართველოში სეპარატისტული განწყობების გაღვივებას და საბოლოოდ დეტონატორის როლი შეასრულა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმის აფეთქებაში (რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტებში გადამწყვეტი როლი მოსკოვს ჰქონდა და მის გარეშე ეს ორი რეგიონი საქართველოს არასდროს გამოეყოფოდა). ამ ბატონებს დაავიწყდათ, რომ იმავე აზერბაიჯანელმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთხელ გაუწია დახმარება ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები ამ ბატონებს არ ადარდებთ. მეტსაც გეტყვით, მსგავსი პოლიტიკური სპეკულიანტები ხალხის მტრებად მიმაჩნია! და, სამწუხაროდ, პროვოკაციას აჰყვნენ აზერბაიჯანელი ურა–პატრიოტებიც. შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს...

მოდით, გადავხედოთ მხარეთა არგუმენტებს: ქართველების ვერსიით, დავით–გარეჯის მონასტერი 1400–ზე მეტი წლის განმავლობაში მორწმუნე ქართველების სალოცავი და ქართველი სასულიერო პირების ღვთისმსახურების ადგილია; თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ ეს არა ქართული, არამედ ალბანური ტაძარია, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის - ისტორიული ძეგლი... მინდა, ვკითხო ჩემს აზერბაიჯანელებს: ძვირფასებო, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა პირველად – ალბანელებმა თუ ქართველებმა? ამას აზერბაიჯანელებისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს?! ეს მთელი კომპლექსია, რომელიც ასწლეულების განმავლობაში შენდებოდა, რამდენადაც ვიცი, მისი მშენებლობა მეოთხე საუკუნეში დაიწყო და შემდეგ გააგრძელეს ქართველებმა. იცით ისიც, რომ ქართველებისთვის ეს არა ისტორიული ძეგლია, როგორც აზერბაიჯანელებისთვის, არამედ სასულიერო სიწმინდე, სალოცავი, სადაც წმინდანთა ნეშტები განისვენებს, ანუ ადგილი, რომელსაც ქართველები უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებიან. იცით ისიც, რომ ქართველი სასულიერო პირები იქ დღემდე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთი სიტყვით, ეს ქართველებისთვის წმინდა ადგილია და არა უბრალოდ ტერიტორია, არა უბრალოდ მიწა, არამედ საკრალური ადგილი, რომლის დასაცავადაც ისინი იბრძვიან, რადგან თვლიან, რომ ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაა ღმერთის წინაშე. ჩემო აზერბაიჯანელებო, მოდით, ეს კარგად გავითავისოთ და ნუ აღვიქვამთ ქართველების ამ ხედვას ტერიტორიულ პრეტენზიად, რადგან ამას ტერიტორიულ პრეტენზიებთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ მთელს სამონასტრო კომპლექსზე, რომლის ნაწილიც ბოლშევიკების დროს საზღვრების დანაწილებისას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. მეტსაც გეტყვით, ეჭვი მაქვს, რომ ბოლშევიკებმა საზღვარი გამიზნულად გაატარეს იმგვარად, რომ ქართველებისთვის წმინდა ადგილის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილიყო, რათა შემდგომში ეს ორ ხალხს შორის შენელებული მოქმედების ნაღმი გამხდარიყო და მათ ასწლეულების განმავლობაში ემტროთ ერთმანეთისთვის ამ მონასტრის გამო. აზერბაიჯანელებისთვის კი ეს მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია – მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ეს ადგილი ქართველებს ეკუთვნით და არა აზერბაიჯანელებს. ჩვენ, აზერბაიჯანელებს ოდესმე იქ გვილოცია? ჩვენს ისტორიაში მოიპოვება რაიმე ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებს ამ კომპლექსის მშენებლობაში ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა? - არა. მაშ მოდით, უფრო კეთილგანწყობილები ვიყოთ ქართველების მიმართ, წავიდეთ დათმობაზე, ეს ხომ მათთვის სულიერების საკითხია და არა ტერიტორიული და ასეთი საკითხების გადაჭრისას ძმამ ძმას პატივი უნდა სცეს [...].
http://www.accentnews.ge/ge/news/deta...

ვიდეოები „სამოქალაქო საზოგადოება XXI"-ისგან