დირბის მონასტერი / Dirbi Monastery

06/14/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირა დამრეც ფერდობზე მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, რომელთაგანაც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე იყო. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის.
დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: \"არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, არამედ მეფენი ქართლისანი დასვენ ქართველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში\".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ასე იკითხება: \"ამისა წმიდისა ადგილისა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობისა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამის ადგილისა სალოცავი\"... აქ მოხსენებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
XX საუკუნის 30-იან წლებამდე აქ ბერძენი ბერები მოღვაწეობდნენ. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ფრესკები, დაიკარგა ყველა ხატი და უნიკალური ნივთები.
თავად ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. წლების წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის ერთ-ერთი უნიკალური ფრესკა \"იოსების ყვედრება\", სადაც გამოსახულია \"მიდგომილი\" ღვთისმშობელი.
#DirbiMonastery
#Dirbi
#Monasteri
#Kareli
#ShidaKartli
#Georgia
#Church
#Patriarchate