ჭაქვინჯის ციხე სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მდებარეობს. ნაგებობის ყველაზე ადრეული ფენა V-VI საუკუნეებით თარიღდება, შემდგომი ფენა განვითარებულ შუა საუკუნეებისაა, საბოლოოდ კი ციხეს XVI-XVII საუკუნეებში განუცდია გადაკეთება. გვიან შუა საუკუნეებში ჭაქვინჯის ციხე დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხე-სიმაგრე ორი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ციხე და ციტადელი. ქვედა ციხისგან ძალიან დაზიანებული კოშკის გარდა თითქმის არაფერია შემორჩენილი. ქვედა ციხე ციტადელს ჩრდილო-დასავლეთიდან ეკვროდა. კოშკი ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა, რომელიც ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარი საშუალება იყო. ციტადელს გეგმაში წაგრძელებული ოვალის მოხაზულობა აქვს. მას ორი შესასვლელი ჰქონია: ერთი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მეორე კი - ჩრდილოეთ კედლის შუაში. ციტადელის სამხრეთი და დასავლეთი მხარე კონტრფორსებით გამაგრებული დამცავი კედელია, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებში კი კოშკებია ჩართული. აღმოსავლეთის კედლის შუაში სამსართულიანი კოშკი იდგა, რომლისგანაც მხოლოდ დასავლეთ კედელია დარჩენილი. კოშკზე, ეზოს მხრიდან, მოგვიანებით კამაროვანი სათავსო ნაგებობა მიუშენებიათ, რომელსაც სავარაუდოდ დილეგად იყენებდნენ. ჩრდილოეთის კედელში სამი კოშკია ჩართული. განაპირა კოშკები გეგმით სწორკუთხაა და ზევითკენ ოდნავ ვიწროვდება. ორივე კოშკი სამსართულიანია და მოპირკეთებულია თლილი ქვით. შუაში მდებარე კოშკი ოთხსართულიანია და მისი გეგმა მოგრძო ოთხკუთხედია. ციტადელის სამხრეთ ნაწილში პალატი - სასახლე დგას. ნაგებობა აგებისას გალავნის კედლიდან დაშორებული ყოფილა, მოგვიანებით კი, პალატის დანგრევისა და გალავნის კედლის მოშლის შემდეგ, კედელი პალატის ნანგრევებზე გადაუტარებიათ. პალატი ოთხკუთხა გეგმა აქვს. იგი ორსართულიანი ყოფილა, პირველი სართული დამხმარე სათავსს წარმოადგენდა, მეორე კი - საცხოვრისს. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ნაგებობა დაბალ ცოკოლზე დგას. პირველი სართული გადახურული ყოფილა კამარით, რომელიც გრძივ ხაზზე განლაგებულ წყვილ პილონზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობოდა. პალატის შიდა კედლები მოპირკეთებული იყო თლილი ქვით. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია დგას. ტაძარს დასავლეთიდან თითქმის კვადრატული გეგმის მქონე სადგომი აქვს მიშენებული, რომლის ქვეშ ორნაწილიანი აკლდამა იყო მოწყობილი. XX საუკუნის 80-იან წლებში, გათხრების მომენტისთვის, ეკლესიის კედლები ორ მეტრამდე იყო შემორჩენილი. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდნ. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზის დონიდან 60 სმ-ითაა შემაღლებული. აფსიდის ცენტრალურ ღერძზე სარკმელი ყოფილა გაჭრილი. დარბაზი კამარით ყოფილა გადახურული. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადები თაღედებით ყოფილა დანაწევრებული. ლილვიანი პილასტრები ბურთულებითა და სამაჯურებით შემკულ ბაზისებს ეყრდნობოდა. ციხის 1,3 მ დიამეტრის ჭა ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოვსებულია. ციტადელის ეზოში, გარდა პალატისა და ეკლესიისა, სხვა ნაგებობებიც ყოფილა, რომელთაგან დღესდღეობით მხოლოდ საძირკვლის დონეზე შემორჩენილი კედლის ფრაგმენტები იკითხება.
#Fortress
#Castle
#Chakvinji
#Zugdidi
#Samegrelo
#Georgia
#Fortress
#Castle
#Chakvinji
#Zugdidi
#Samegrelo
#Georgia