სასწავლო ფილმი_მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა #AGROSERVICECONSULTING #USDA #Lando'LakesVenture37

08/13/2021
Agro Service Consulting-ის მიერ

ფილმი შემუშავებულია „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ფარგლებში და განკუთვნილია მესაქონლეობის დარგში მომუშავე დამწყებ და მოქმედ კომერციული ფერმერებისათვის, რომლებიც გეგმავენ არსებული ფერმის გადაკეთებას ან ახალი სადგომის აშენებას. ფილმი მიზნად ისახავს მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის და კონსულტანტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, მერძეული და მეხორცული პირუტყვისათვის სადგომის ტიპების, შიდა და გარე დიზაინის და კონსტრუქციული თავისებურებების შესახებ. თავის მხრივ სადგომის სწორად მოწყობა და მასში თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას. ასევე ხელს უწყობს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უვნებელი და ხარისხიანი მესაქონლეობის პროდუქტების - როგორიცაა რძე და ხორცი - წარმოებას.

ამ სფეროში ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, რომელთა დანერგვაც ხელს უწყობს ფერმის ეფექტიანობისა და შემოსავლების გაზრდას, მოკლე ვადებში იღებს შედეგებს და მათ დანერგვაზე გაწეული ხარჯების ამოღება სწრაფად ხდება. თანამედროვე, წარმატებული და ეფექტიანი მესაქონლეობის ფერმის დაარსება ხანგრძლივ და ყურადღებიან დაგეგმვას მოითხოვს, დიდი კაპიტალდაბანდება და ადამიანური რესურსები სჭირდება, ხოლო შემდგომში მისი წარმატებით მართვა და განვითარება ბევრ დროს, შრომას და ცოდნას მოითხოვს. საბედნიეროდ მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებული მესაქონლეობის მქონე ქვეყნებში, ბევრი კვლევა და გამოცდილება არსებობს და დამწყებ ფერმერებს არ უწევთ „ველოსიპედის თავიდან გამოგონება“.


საქონლის ახალი ფერმის (სადგომის) შენობის მშენებლობამდე ან არსებულის გადაკეთებამდე, ფერმერი საფუძვლიანად უნდა გაერკვეს ბევრ საკითხში, წინასწარ კარგად გათვალოს ყველაფერი, არ უნდა ეცადოს გააკეთოს გაუმართლებელი ეკონომია და ყოველთვის ჰქონდეს ფართო სურათი მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია თავიდანვე ისე დაიგეგმოს მეურნეობა, რომ მომავალი გაფართოება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წინდაწინ იყოს გათვალისწინებული.

წინამდებარე სასწავლო ფილმი და ჩატარებული ტრენინგები ემსახურება ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ სწორად დაგეგმონ თანამედროვე მესაქონლეობის ფერმის დაარსება (მშენებლობა), ან უკვე არსებულის მოდერნიზება და ამ პროცესში გამორიცხონ შეცდომები, რომელიც შემდგომში ფერმის ეფექტიანობას შეამცირებს ან რომელთა გამოსწორება ძალზედ ძვირადღირებულია.

აგრო-სერვის კონსალტინგის გუნდი მადლობას უხდის პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ განმახორციელებელ ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ის და მის პარტნიორს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რომელიც ფინანსდება ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ვებ-გვერდზე: http://georgianplants.ge/cattle-farm/

ვიდეოები „Agro Service Consulting"-ისგან