ტკივილი გულმკერდის არეში. როდის მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას? 🫀
უნდა გამოვიძახო თუ არა სასწრაფო დახმარება გულმკერდის ტკივილის დროს? სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ, თუ ტკივილი: ახალი ან ძლიერია; თან ახლავს ქოშინი; რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება; ძალიან გიჭირთ სიარული, კიბეზე ასვლა ან სხვა ფიზიკური აქტივობა; გაფრთხობთ ან გაღელვებთ. გულმკერდის ტკივილი აუცილებლად გულის შეტევას არ ნიშნავს. იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც გულმკერდის ტკივილით მიდის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, გულის შეტევა არ აქვს . ტკივილის მიზეზი ხშირად ნაკლებად სერიოზული პრობლემებია, მაგალითად, კუნთების ტკივილი, გულძმარვა ან შფოთვა. მიუხედავად ამისა, ნუ გარისკავთ. ადამიანები ხშირად აყოვნებენ დახმარების თხოვნას გულის შეტევის დროს. შეიძლება იფიქრონ, რომ სიმპტომები სერიოზული არ არის ან თავისით გაუვლით. მაგრამ დახმარების მოლოდინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი. შეიძლება თუ არა გულის შეტევამ გამოიწვიოს სხვა სიმპტომები, გულმკერდის ტკივილის გარდა? დიახ . გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, მაგრამ შეიძლება სხვა სიმპტომებიც გამოვლინდეს. ზოგჯერ ადამიანები საავადმყოფოში არ მიდიან, რადგან ტკივილი საერთოდ არ აწუხებთ. მაგრამ გულის შეტევა გულმკერდის ტკივილის გარეშეც შეიძლება მოხდეს. ეს უფრო ხშირია ქალებში, დიაბეტის მქონე ადამიანებსა და სამოც წელზე უფროსი ასაკის პირებში. გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს, წნევას ან დისკომფორტს მკერდის ცენტრში. ტკივილს ან დისკომფორტს სხეულის ზედა ნაწილის სხვა ადგილებში, მათ შორის მხრებში, მკლავებში, ზურგზე, კისერზე, ყბაზე ან მუცელში. ქოშინს. გულისრევას, ღებინებას, ბოყინს ან გულძმარვას. ოფლიანობას ან ცივ, სველ კანს. აჩქარებულ ან არათანაბარ გულისცემას. თავბრუხვევის ან გულის წასვლის შეგრძნებას. ეს სიმპტომები მნიშვნელოვანია, თუ ისინი რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება ან დროდადრო ვლინდება. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გულის შეტევა გქონდეთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა . ნუ ეცდებით საავადმყოფომდე მარტო მისვლას. არის თუ არა გულის შეტევა გულმკერდის ტკივილის ერთადერთი მიზეზი? არა . გულმკერდის ტკივილი შეიძლება სხვა მრავალი პრობლემითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად: გულის სხვა პრობლემები, როგორიცაა ინფექცია გულის არეში. კუნთების ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ვარჯიშით. დაავადებები, რომლებიც ტკივილს იწვევს, მაგალითად, ართრიტი. ჰერპეს ზოსტერი, რომელიც გამოწვეულია ჩუტყვავილას ვირუსით და მტკივნეული გამონაყარიც ახასიათებს. გულმკერდის ნებისმიერი სახის დაზიანება, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის შედეგი. საჭმლის მომნელებელი პრობლემები, როგორიცაა გულძმარვა, კუჭის წყლული ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ფილტვების პრობლემები, როგორიცაა პნევმონია ან თრომბოემბოლია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა პანიკური აშლილობა ან დეპრესია. დიდი სისხლძარღვის, მაგალითად აორტის დასუსტებული გარსი. რა მოხდება, თუ მივალ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში? გადაუდებელი დახმარების განყოფილების პერსონალი ჩაგიტარებთ გამოკვლევას და ტესტებს, რათა იპოვოს ტკივილის მიზეზი. მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მაშინვე ვერ გაიგებთ, რატომ გაქვთ ტკივილი. გულმკერდის ტკივილის მიზეზის პოვნა ყოველთვის ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, ექიმებს, როგორც წესი, შეუძლიათ დაადგინონ, გაქვთ თუ არა პრობლემები გულთან დაკავშირებით. ზოგიერთი ტესტი დაუყოვნებლივ ტარდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს, არის თუ არა გულმკერდის ტკივილის მიზეზი რაიმე სერიოზული. სხვა ტესტები მოგვიანებით, ამბულატორიაში კეთდება. ტესტები შეიძლება მოიცავდეს: ელექტროკარდიოგრამას — ეს ზომავს თქვენი გულის ელექტრულ აქტივობას. მას შეუძლია დაეხმაროს ექიმებს, გაარკვიონ, გაქვთ თუ არა გულის შეტევა. სისხლის ანალიზს — გულის შეტევის დროს გული გამოყოფს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს. თუ ეს ქიმიკატები თქვენს სისხლშია, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გულის შეტევა გაქვთ. გულმკერდის რენტგენს — ამან შეიძლება აჩვენოს ზოგიერთი პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი. დატვირთვის ტესტს — თქვენ დარბიხართ ან დადიხართ სარბენ ბილიკზე, პარალელურად კი ელექტროკარდიოგრაფიას გიტარებენ. ფიზიკური აქტივობა ზრდის თქვენი გულის მოთხოვნილებას სისხლზე. ეს ტესტი ეხმარება ექიმებს დაინახონ, საკმარისი სისხლი მიეწოდება თუ არა თქვენს გულს. კარდიო-კათეტერიზაციას — ექიმს შეჰყავს თხელი მილი თქვენს ფეხის ან მკლავის სისხლძარღვში. შემდეგ, ისინი ამ მილს გულისკენ მიმართავენ. ამის შემდეგ, მილში შეჰყავთ საღებავი, რომელიც რენტგენზე ჩანს. ტესტის ამ ნაწილს "კორონარული ანგიოგრაფია" ეწოდება. მას შეუძლია აჩვენოს, არის თუ არა თქვენი გულის რომელიმე არტერიის სანათური დაზიანებული. კარგიო ექოსკოპიას — ის იყენებს ულტრაბგერით ტალღებს, რათა შექმნას თქვენი გულის გამოსახულება. გულის შეტევის დროს, გულის ყველა ნაწილი ნორმალურად არ იკუმშება. კომპიუტერულ ტომოგრაფიას — ეს არის რენტგენის სპეციალური სახეობა. თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ის თქვენს გულში მიმავალი სისხლძარღვების შესასწავლად. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ტკივილი გულთან არ არის დაკავშირებული, ექიმი გესაუბრებათ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ. შეიძლება სხვა ტესტები ან მკურნალობა დაგჭირდეთ. რა მოხდება, თუ გულის შეტევა მაქვს? ჩაგიტარდებათ კორონარული სტენტირება ან ბალონირება. ექიმი მოგცემთ მკურნალობას, რათა შეამციროს გულის დაზიანება და შეამსუბუქოს თქვენი ტკივილი.
მსგავსი ვიდეოები
ტკივილი გულმკერდის არეში
Radio Atinati
ტკივილი გულმკერდის არეში
სამკურნალო ცენტრი სიმეტრია
რატომ გვაქვს ტკივილი გულის არეში
სამკურნალო ცენტრი სიმეტრია
ეკგ / წინაგულების ფიბრილაცია და გულის ინფარქტი / დისპნოე და...
სამედიცინო ვიდეოები
ეკგ- მძღოლი გულის არეში ტკივილით/ გულის არეში ჩხვლეტა / ECG...
სამედიცინო ვიდეოები
რა არის სტენოკარდია? გადაცემა N1
ბათუმის სამედიცინო ცენტრი
ეკგ. მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილების გარეშე. miokardiumis i...
სამედიცინო ვიდეოები
ეკგ / მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია / ფილტვის არტერიის თრომბ...
სამედიცინო ვიდეოები