რუისის ღვთისმშობლის ტაძარი / Ruisi Church

04/16/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში მდებარეობს. იგი VIII-IX და XI საუკუნეების ფენებს მოიცავს. რუისის საეპისკოპოსო ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ანტონ მროველი, ლეონტი მროველი, დიონისე ლარაძე, დომენტი ავალიშვილი, ნიკოლოზ ორბელიანი და სხვა. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, აქ დაცულ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XI საუკუნის რუისის სახარება. ცნობილია, რომ საეპისკოპოსო კათედრას დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა - ბურდუხან დედოფალი. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას პირველი ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია, თუმცა მას ჩვენამდე არ მოუღწევია. დღევანდელი ნაგებობა რამდენიმე სამშენებლო ფენას მოიცავს, უძველესი ფენა VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, XI საუკუნეში კი გიორგი ეპისკოპოსს ის კვლავ განაუხლებია და მდიდრულად მოურთავს. თემურლენგის შემოსევებისას ტაძარი ძალიან დაზიანებულა, ის მეფე ალექსანდრე I-ს აღუდგენია XV საუკუნეში. ეკლესია მომდევნო პერიოდშიც რამდენჯერმე აღადგინეს. რუისის ღვთისმშობლის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია.
რუისის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მოიცავს გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლო-კოშკსა და გალავანს. ანსამბლს გვიანი შუა საუკუნეების, რიყის ქვით ნაგები, გალავანი აქვს შემოვლებული. შემორჩენილია გალავანზე მიშენებული ნაგებობების ნაშთები. კომპლექსის მთავარი ნაგებობა რუისის ღვთისმშობლის ტაძარია. იგი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. პირვანდელი ნაგებობისგან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილი. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით, სამივე სწორკუთხა. ტაძარს XI საუკუნეში სამხრეთითა და ჩრდილოეთით კარიბჭე-ეგვტერები მიაშენეს. დასავლეთის შესასვლელს XV საუკუნეში აგებული, სამი მხრით თაღებით გახსნილი, კარიბჭე აქვს მიშენებული, რომელიც ძველ ფორმებს იმეორებს. ეკლესიის აღმოსავლეთ მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი სწორკუთხა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო პასტოფორიუმია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, ამჟამად შემორჩენილია ფრესკების მცირე ფრაგმენტები. გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. ფასადებზე მრავალფეროვანი რელიეფები გვხვდება. შემკულია სარკმლები. აღმოსავლეთ ფასადზე მოჩუქურთმებული სარკმელი და დიდი, დეკორირებული საფასადო ჯვარია. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს, შემორჩენილია მოჩუქურთმებული ლავგარდნის ნაწილი. ტაძარი მოპერანგებულია მოყვითალო-მომწვანო, ღვინისფერი, და მონაცისფრო-მოშავო სუფთად თლილი, სხვადასხვა ჯიშის ქვებით.
კარიბჭე-სამრეკლო ტაძრის დასავლეთით მდებარეობს. ის გალავანშია ჩართული და გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სამრეკლო სამსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს, ორი მხრიდან თაღებითაა გახსნილი და ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. მეორე სართული საცხოვრებელია, აქ გვხვდება ბუხარი და თახჩა ნიშები. მესამე სართული სამრეკლოა, რომელიცა დასავლეთით და აღმოსავლეთით წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, დანარჩენ ორ მხარეს კი თითო თაღი აქვს. კარიბჭე-სამრეკლო ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით.
#Ruisi
#Kareli
#ShidaKartli
#Georgia