ადოლფ ჰიტლერი და საინტერესო ფაქტები

06/30/2023

იახსნარი - ფბ გბერდო
  / 584871230396255  


მინი ინფო ვიკიდან

ადოლფ ჰიტლერი (გერმანულად: [ˈadɔlf ˈhɪtlɐ] ( მოსმენა), Adolf Hitler; დ. 20 აპრილი, 1889, ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი — გ. 30 აპრილი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.

დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში, ხოლო გაიზარდა ქალაქ ლინცთან ახლოს. 1913 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1919 წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე 1921 წელს გახდა ნაცისტური პარტიის ლიდერი. 1923 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ლუდის პუტჩი, რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის „ჩემი ბრძოლის“ პირველი ტომი, ხოლო უკვე 1924 წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ, პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს.

1933 წლის 30 იანვარს რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. იმავე წლის არჩევნებში გამარჯვების წყალობით, მისმა პარტიამ მიიღო უკიდურესი ძალაუფლების კანონი, რომელმაც გამოიწვია ვაიმარის რესპუბლიკის ნაცისტურ გერმანიად გადაქცევა და ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დამყარება. ამის შემდეგ, ჰიტლერმა გამოაცხადა მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება, რათა დაემარცხებინა უსამართლობა, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია და დაეწყო გერმანიის ებრაელებისგან გაწმენდა. მისი ხელისუფლების პირველი ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარდა გერმანიის ეკონომიკა, მოხდა ვერსალის შეთანხმების პირობების უგულებელყოფა, ამას კი დაემატა სუდეტის ოლქის (მოგვიანებით კი ჩეხეთის მორავიის და ბოჰემიის პროტექტორატად გადაქცევა) ანექსია და ავსტრიის ანშლუსი, რამაც გერმანიაში ჰიტლერს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოუტანა.

თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ჰიტლერი განიხილავდა საარსებო სივრცის (Lebensraum) მოპოვებას, ხოლო მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა განიხილება როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 1939 წლის 1 სექტემბერს, მასშტაბური გადაიარაღების შემდეგ, ვერმახტი შეიჭრა პოლონეთში, რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა, ხოლო უკვე 1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ომის პირველ ორ წელიწადში ჰიტლერმა და მისმა მოკავშირეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ ხელთ იყო ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი. მიუხედავად დიდი წარმატებისა, გერმანიამ მაინც ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის დამარცხება, იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი ომში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაება. სხვადასხვა წარუმატებლობების შემდეგ, გერმანიას თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა მოუწია. თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი დაქორწინდა ევა ბრაუნზე, ხოლო 1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ტყვეობისგან თავდასაღწევად, ახალდაქორწინებულმა წყვილმა თავი მოიკლა, მათი გვამები კი დაწვეს.

ჰიტლერი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია ჰოლოკოსტზე, რომლის დროსაც დაიღუპა 5,5 მილიონი ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი, რომლებსაც ნაცისტები უნტერმენშენს (Untermenschen — არაადამიანები) უწოდებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე დაიღუპა 19,3 მილიონი სამოქალაქო პირი და 29 მილიონი სამხედრო. ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტოა, რის გამოც ეს კონფლიქტი ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელად ითვლება.
#საინტერესო #fact #შემეცნებითი #ადოლფჰიტლერი #ადოლფი #ფიურერი #გერმანია #ისტორია #history #ახალი #ჩვენვიცით