სამწევრისის ციხე / Samtsevrisi Fortress

04/17/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

სამწევრისის ციხე - ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.
თავდაპირველად აქ დასახლებულა სამი კომლი - სამი წევრი და ამის გამო ეწოდა თურმე სამწევრისი.
ციხე თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები.
გამოირჩევა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტები, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან. შემდეგი სამშენებლო ფენის (XVI-XVIII სს.) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება მეორე (სამხრეთ მონაკვეთი), ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა ეკლესიისა). გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ-ციციშვილების (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.
ციხიდან ნახევარი კმ-ის დაშორებით, სოფლის თავზე, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირის მაღალ გორაკზე აღმართულია წმინდა გიორგის VII ს-ის პირველი მეოთხედით დათარიღებული ჯვრის ტიპის ეკლესია.
#SamtsevrisiFortress
#Kareli
#Georgia