ყივჩაღის პაემანი - ლევან ხურცია

04/10/2013
Gangna Man-ის მიერ

/ gangnamen  
«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!...