ამინე: იესოს ლოცვა - prayer of Jesus Christ. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“

03/10/2019
ამინე / Amine-ის მიერ

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას თქვენი შემოწირულობით:
მიმღები: შოთა იასაშვილი (პ.ნ 01019080547)
საქართველოს ბანკი: GE43BG0000000131358600
TBC bank: GE73TB7691545061100108

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – აი, ესაა „იესოს ლოცვის“ სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წამოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი საკეთებელი ყოფილა. ეს საქმე მტკიცე გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას“ თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას. ზოგჯერ შეიძლება დილის ან საღამოს ლოცვების ნაცვლად ვილოცოთ „იესოს ლოცვით“, ესე იგი ის დრო, რომელიც ამ ლოცვებისთვისაა საჭირო (მაგალითად, 10-15 წუთი), მთლიანად „იესოს ლოცვას“ ეთმობა.

თუ ჩავრთავთ „იესოს ლოცვას“ ჩვენი ლოცვის წესში, შევამჩნევთ: მისი წარმოთქმისას ისე არ ჭირს გონების მოკრება, როგორც სხვა ლოცვების წაკითხვისას. ამ ლოცვის, და საერთოდ, ყველა მოკლე ლოცვის უპირატესობა ისაა, ხანგრძლივ მრავალსიტყვიან ლოცვასთან შედარებით, რომ ერთი სულის მოთქმით ამოდის გულიდან და ამიტომაც ადვილია ყურადღების დაძაბვა. უფრო მეტიც, ამ ლოცვის წარმოთქმა გვიადვილებს გულისყურის გამახვილებას სხვა ლოცვების თქმის დროს.

„იესოს ლოცვა“ სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას. მისი წარმოთქმისას ვაღიარებთ, რომ გვწამს განკაცება მაცხოვრისა და წმიდა ერთარსი სამება. სიტყვებით: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო“, - ვაღიარებთ მაცხოვრის ღმრთეებრივსა და კაცობრივ ბუნებას. „იესუ“ მას დაერქვა, როგორც ადამიანს, ხოლო სიტყვებს „უფალო“ და „ძე ღმრთისა“ ვუწოდებთ მას, როგორც ღმერთს. მეორე ჭეშმარიტებასაც (იმას, რომ გვწამს წმიდა სამება) შეიცავს „იესოს ლოცვა“, რაკი მას მივმართავთ, როგორც ძე ღმრთისას, ვახსენებთ მამა ღმერთს და ე.ი. წმიდა სულსაც. გაიხსენეთ, რას ბრძანებს მოციქული: „გაუწყებ თქუენ, რამეთუ... არავის ჴელეწიფების თქუმად უფალს იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (I კორ. 12, 3).

ამ ლოცვას სრულყოფილი კიდევ იმიტომაც ეწოდება, რომ იგი შეიცავს ქრისტიანული ლოცვის ორ, ძირითადსა და უმნიშვნელოვანეს ასპექტს: როცა ვამბობთ: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო“ – ამ სიტყვებით ვადიდებთ, თაყვანისვცემთ და აღვამაღლებთ ღმერთს; რის შემდეგაც „სული შემუსრვილი და დამდაბლებული“ სინანულით ამბობს: „შემიწყალე მე ცოდვილი“. გარდა სინანულისა, ეს ლოცვა იმის იმედსაც შეიცავს, რომ შეგვიწყალებს მაცხოვარი. „იესოს ლოცვაში“ თითქოს სუნთქავს მოციქულის რწმენა, რომელიც მტკიცედ ამბობს: „და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა, რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთვის“ (რომ. 8, 34).

ამასთან, „იესოს ლოცვის“ უპიტარესობა ისიცაა, რომ იგი არაა განკუთვნილი დღის რომელიმე მონაკვეთისათვის ან რაღაც საგანგებო შემთხვევისათვის: მას წინ არაფერი უდგება. აი, რა წერია ლოცვანში: „მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორე ტკბილი სახელი უფლისა იესუ ქრისტესი: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

მაგრამ ვის შეუძლია ეს? შესაძლებელია კი საერთოდ ამ მითითების შესრულება პრაქტიკულად?

გასაგებია, რომ მონასტრის მკვიდრთ უფრო გაუადვილდებათ განუწყვეტელი ლოცვის სწავლა: მათი ცხოვრების წესი საუკთესო გარემოა შინაგანი ლოცვისათვის. მაგრამ ჩვეულებრივმა, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა რა ქნას, როგორ დაეუფლოს ამ საქმეს?



სრული ტექსტი: http://www.orthodoxy.ge/sakhli/iesosl...

ლოცვას კითხულობს : შოთა იასაშვილი ; გისურვებთ სიყვარულსა და მშვიდობას.