კვირის ბაზარი - მთელი კვირის სანოვაგის ყიდვის დღე

ნაირა მაჭარაშვილი ბაზარზე მეზობელთან ერთად ჩამოვიდა. ადიგენის სოფელ დიდი სმადიდან ქალები ამჯერად მამალს, ბატსა და გოგრას ყიდიან. ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა, გლეხის ნაშრომს კი ,,არაფერი ეშველა“. მამალს - 15 ლარს, ბატს კი 40-ს აფასებენ, თუმცა მხოლოდ გოგრა გაეყიდათ. ამ ბაღჩეულის ღირებულებაც ზომების მიხედვით, 2-დან 5 ლარამდე მერყეობს. ბაზარზე იშვიათად ჩამოდიან, ახლა უბრალოდ ძალიან გაუჭირდათ. ,,მთელი დღეა ვდგავარ და მხოლოდ ფასს მეკითხებიან. პანდემიის გამო ყველაფერი უკან წავიდა. სასიკეთო არაფერი ისმის. მძიმე პირობებია, შიშიც გვაქვს - დაავადება არსად გადაგვეყაროს. ავიცრები აუცილებლად, რომელი ვაქცინაც შემხვდება იმით, რათა დავიცვა ოჯახი, შვილები და თქვენნაირი ახალგაზრდები“, - ამბობს 70 წლის მარინა ფოფხაძე. ბაზარში ,,9 საათიან მარშუტკას“ გამოყვნენ. ტრანსპორტი უფრო ადრე არ გამოდის. ამბობს, რომ დიდ სმადაში წესიერად მოსავალიც ვერ მოჰყავთ, რადგან ვერ რწყავენ. ,,არც გზა, არც ურნა და არც განათება“ რომ არ აქვთ, ზაფხულში ამაზე უკვე ნაკლებად ღელავენ.

მსგავსი ვიდეოები